დღეს ღვაწლმოსილი ექიმი და გურჯაანის საპატიო მოქალაქე, ზაზა
იმერლიშვილი 58 წლის გახდებოდა. მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ ოჯახს
მისი კოლეგები ესტუმრნენ. ქუჩას, სადაც ზაზა ექიმი ცხოვრობდა, მისი
სახელი ეწოდა, ასევე საცხოვრებელ სახლზე გაკეთდა მემორიალური დაფა.
„იმედის“ კლინიკის დირექტორის, პროფესორ დავით კობაშავიძის თქმით,
ზაზა იმერლიშვილი ძლიერი ექიმი იყო და კლინიკას ძალიან დააკლდა.
„პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა
გადავუხადო გურჯაანის მერიას. მათ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და იმ
ქუჩის ნახევარს, სადაც ქალაქის საპატიო მოქალაქე, ღვაწლმოსილი ექიმი,
ზაზა იმერლიშვილი ცხოვრობდა, ეწოდა მისი სახელი, საცხოვრებელ სახლზე
კი გაკეთდა მემორიალური დაფა. ამით მოხდა ამ ადამიანის სახელის
უკვდავყოფა.დღეს ზაზას დაბადების დღეა. ჩამოვედით თანამშრომლები, რომ
პატივი ვცეთ მის ხსოვნას. ზაზა პირველ რიგში, იყო უდიდესი ადამიანი,
კაცთმოყვარე, შესანიშნავი შვილი და ძმა, მეგობარი და ძალიან ძლიერი
ექიმი. ჩვენს კლინიკას ეტყობა, რომ ზაზა აღარ არის, მას უამრავი
პაციენტი ჰყავდა. იყო გურჯაანის საოცარი პატრიოტი. თავის კუთხეზე
უზომოდ შეყვარებული. ზაზას უდროოდ წასვლა დიდი დანაკლისია ჩვენი
ქვეყნისთვის. “
ზაზა იმერლიშვილის დისშვილი, ნატო წიკლაური კმაყოფილია იმის გამო, რომ
მისი ბიძის სახელი და დამსახურება ღირსეულად დაფასდა.
„ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. თუ
ადამიანს დამსახურება არ აქვს და ხალხს არ უყვარს, ეს ისე არ ხდება.
ზაზა ყველას უყვარდა - რაიონს, თავის პაციენტებს, კოლეგებს. მე ძალიან
მაბედნიერებს და მეამაყება, რომ მისი დისშვილი ვარ. მან ჩემთვის
ძალიან ბევრი გააკეთა. სიცოცხლეში ვერ ვეუბნებოდი, ცოტა მერიდებოდა,
ეხლა ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს. “
შეგახსენებთ, რომ მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი გასულ წელს 57
წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები