დღეს გურჯაანის ტექნოპარკში საგანმანათლებლო კვირეული დასრულდა.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა სტარტაპერების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც
სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები დამწყები მეწარმეები იღებდნენ
მონაწილეობას.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსის, თამარ ფურცელაძის განმარტებით, პროექტის მიზანი
იყო ახალგაზრდებში შესაძლებლობების აღმოჩენა, არაფორმალური განათლების
პოპულარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესება.
„ 6, 7 და 8 ივლისს ჩატარდა საგანამანათლებლო კვირეული „გურჯაანი
თოქს“, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამ
დღეების განმავლობაში მოწვეულმა სპიკერებმა ჩაატარეს ლექციები.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა სტარტაპერების გამოფენა -
გაყიდვა.“
სახელოსნო „გვაპა კერამიკის“ კერამიკოსის, გვანცა ფანჩულიძის თქმით,
მსგავსი გამოფენა-გაყიდვები ძალიან მნიშვნელოვანია.
„სახელოსნო უკვე ექვსი თვეა თბილისში ფუნქციონირებს. მე ხელით ვქმნი
კერამიკის ნაკეთობებს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება.
ჩემი ბრენდი არ ანაგვიანებს გარემოს. მსგავს შეხვედრებზე ხშირად
დავდივარ. დღესაც ერთი ლარნაკი გავყიდე.“
გამოფენაში მონაწილეობას იღებდა შპს „პოლივენის“ განვითარების
მენეჯერი გვანცა მაისურაძე, რომელსაც სინთეზური ბოჭკო ჰქონდა
წარმოდგენილი.
„კომპანია „შპს პოლივენი“ რუსთავის ტერიტორიაზე აშენებს საწარმოს.
იქნება პლასტმასის ბოთლის გადამამუშავებელი ქარხანა, რომლისთვისაც
შუალედური პროდუქტი იქნება პედფანტელები , რისგანაც მივიღებთ სინტეზურ
ბოჭკოს. ეს არის გადამუშავებული ტიპის ბამბა, რომლისგანაც მზადდება
ტექსტილი. მას იყენებენ ჩასატენ მასალადაც: საბნებში, ავეჯში, ფუმფულა
სათამაშოებში, ბალიშებში და ა.შ. დღეს სწორედ წარმოდგენილი გვაქვს
სინტეზური ბოჭკო, რომელსაც სხვადასხვა ინდუსტრიები გამოიყენებენ
წარმოებაში. “
კვირეული გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები