პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება
და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„უწყვეტად ხორციელდება სოციალური პროგრამები და სერვისები სიღარიბისა
და სოციალური რისკების შესამცირებლად. 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ
ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი
დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა – 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის
მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ახალი, ინდექსაციის წესით
პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას იღებენ. დღეს სახელმწიფო
პენსია 240 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, უნდა
გაიზარდოს და გავზრდით ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში. მაღალმთიან
დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ 20%-იან დანამატს.
შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288, ხოლო 70 წლის ან მეტი
ასაკის პენსიონერთათვის – 330 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის
საკმარისი, ყველას გვესმის, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ რაც ჩვენ
გავაკეთეთ, არის ძალიან კარგი და აუცილებელი- ინდექსაცია, რომელიც 1
იანვრიდან შევიდა ძალაში.
რაც შეეხება სამუშაო ადგილებს ზოგადად, შრომის უსაფრთხოებას და ჩვენი
დასაქმებული მოქალაქეების უფლებების დაცვას. დღეის მდგომარეობით,
სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით ან/და სათანადო ფულადი
დახმარებით 42 976 ოჯახი (119 043 პირი) უზრუნველვყავით. საცხოვრებელი
ფართით დაკმაყოფილდა 3 000 ეკომიგრანტი ოჯახი.
2021 წლის ბოლომდე კიდევ 3 000-მდე დევნილი და 250-მდე ეკომიგრანტი
ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით. გაიზარდა შშმ პირების
დახმარება და ივლისიდან სოციალური პაკეტი 250 ლარამდე იზრდება”, –
განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები