იწყება კონკურსი „სუფთა რეგიონი 2021“, რომელიც პროექტის „დავიცვათ
საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, „საქართველოს მწვანეთა
მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” ინიციატივითა და გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ
ტარდება.
კონკურსის მიზანია ქვეყნის მასშტაბით, გამოავლინოს ყველაზე „სუფთა
რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა
სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“,
„სუფთა/ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის
თქმით, კონკურსმა „სუფთა გარემო“ უკვე მთელი საქართველო მოიცვა.
„მოქალაქეები ენთუზიაზმით და მონდომებით ერთვებიან. ვფიქრობ,
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, კონკურსი ძალიან
მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ პოზიტიური შედეგები უკვე
სახეზეა. ბევრი რეგიონი, მუნიციპალიტეტი კონკურსში სრული
პასუხისმგებლობით ერთვება, ტარდება აქციები, ღონისძიებები, რათა
არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა და გარემოს დაბინძურების
ფაქტები ყოველწლიურად შემცირდეს. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს
სუფთა და მოწესრიგებული, საზოგადოების თითოეულმა წევრმა საკუთარი
პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს, გაუფრთხილდეს გარემოს და აქტიურად
ჩაერთოს ნარჩენების მართვაში პროცესში“, - აღნიშნა ლევან
დავითაშვილმა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ზემოთ ჩამოთვლილი ნომინაციების
შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალა უნდა გაუგზავნონ კონკურსის ორგანიზატორს
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“.
წლევანდელი კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულები 2022 წელს
გახდება ცნობილი.
კონკურსს „სუფთა რეგიონი“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ,
ყოველწლიურად ტარდება.
აღნიშნულ კონკურსში სუფთა რეგიონის სტატუსი უკვე სამჯერ მოიპოვა
კახეთმა:
2018 ,
2019 და
2020 წელს.
მასალის გამოყენების პირობები