გურჯაანის 37-ვე საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს საკვებს გაზქურების
ნაცვლად ელექტროქურებზე მოუმზადებენ.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის
განმარტებით, აღსაზრელთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაერთიანება
ეტაპობრივად ასრულებს „სოკარგაზის“ რეგულაციებს.
„საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვების მომზადება სამზარეულოებში ხდებოდა
გაზქურებზე. სოკარ გაზის რეგულაციებიდან და რაც მთავარია, ბავშვთა
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადილის
მომზადება გადასულიყო ელექტროქურებზე. ამასთან დაკავშირებით,
გაერთიანებამ გასწია სხვადასხვა სახის სამუშაოები. გასული წლის
დეკემბერში 170 ათას ლარზე ენერგოპროჯორჯიასთან გაფორმდა ხელშეკრულება
და მათ ყველა ბაღში შეიყვანეს სამფაზიანი ელექტროენერგია. მომდევნო
ეტაპი იყო უკვე ელექტროქურებზე ტენდერის გამოცხადება, რომელიც უკვე
დასრულდა და სააღმზრდელო დაწესებულებებში150 ათასი ლარის ღირებულების
4 და 6-ნაწილიანი 42 ელექტროქურა შევიდა.
დარჩენილია ბოლო ეტაპი სამფაზიანი დენების სამზარეულოებამდე მიყვანა
და დამიწება. ამასთან დაკავშირებით გამოცხადებული გვაქვს ტენდერი,
რომელიც ათ დღეში მთავრდება. ამის შემდეგ უკვე ორთვიანი ვადაა საჭირო,
რომ აღნიშნული სამუშაოებიც დასრულდეს და სავარაუდოდ, ივნისში
სამზარეულოები უკვე აღიჭურვება ელექტროქურებით. ეს იქნება უსაფრთხო
როგორც აღსაზრდელებისთვის ისე თანამშრომლებისთვის. აღნიშნული პროცესი
მთლიანად საქართველოში მიმდინარეობს.“
ლელა თევდორაშვილის თქმით, რადგან პანდემიიდან გამომდინარე ბაღები
დაკეტილი იყო, გაერთიანებას დანაზოგის სახით ჰქონდა მორჩენილი საოფისე
და საკვები პროდუქტებისთვის განსაზზღვრული თანხა. აღნიშნული
შესყიდვებისთვის სწორედ ეს რესურსი გამოიყენეს.
რაც შეეხება გაზქურებს, რომელიც ამოიცვლება, ლელა თევდორაშვილის
განმარტებით, გაერთიანებამ მერიას რეკომენდაციებისთვის წერილობით უკვე
მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები