კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა
საზოგადოებას მოადგილეები წარუდგინა. როგორც მან განაცხადა, მინისტრის
მოადგილეები კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია
იქნებიან.
„პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ მინისტრის პირველი მოადგილე
ბატონი, კახა სიხარულიძე. მას აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ჩვენზე
დიდი გამოცდილება. ის დიპლომატიურ სფეროში საქართველოს 1993 წლიდან
ემსახურება და საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს იკავებდა
მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა
დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობებს. გარკვეული დროის
განმავლობაში ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იყო. კახა
სიხარულიძე იყო საქართველოს ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში,
სან-მარინოსა და მალტაზე. ის გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა
დოქტორი, იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი და ავტორი
წიგნისა „ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა“. კახა სიხარულიძე ჩვენს
სამინისტროში საერთაშორისო საკითხებზე იმუშავებს“, - განაცხადა თეა
წულუკიანმა.
კიდევ ერთი მოადგილე, რომელიც წულუკიანმა წარადგინა სოსო
გიორგაძეა.
„სოსო გიორგაძე როგორც პროფესიონალი იურისტი წლების განმავლობაში იყო
ჩემი გუნდის წევრი, მათ შორის 2012 წლის ზაფხულში. სხვადასხვა დროს ის
იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, სერვისების განვითარების
სააგენტოს თავმჯდომარე, ბოლოს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
ამ თანამდებობაზე ის 1-ელ აპრილამდე დარჩება, შემდეგ კი ჩვენთან ერთად
შეუდგება მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას, სადაც ის
ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულების კურატორი იქნება“, - აღნიშნა
წულუკიანმა.
კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე
იოსებ ბაღათურია იქნება.
„იოსებ ბაღათურია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია, პრაქტიკოსი იურისტია. ის არის იუსტიციის სახელმწიფო
მრჩეველი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მუშაობდა ხელმძღვანელ
თანამდებობებზე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების
განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იოსებ
ბაღათურიას აქვს გენპროკურატურაში, სასამართლო სისტემაში პრაქტიკული
გამოცდილება და იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და
სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს“, -
თქვა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები