ქაცვი სასარგებლო მცენარეა, ხალხურ მედიცინაში მას ბევრიდაავადებების
სამკურნალოდ იყენებენ. ქაცვის ნაყოფი ვიტამინებითაა გაჯერებული.
ის შეიცავს A, B1, B2, B6, ჩ და E ვიტამინებს. ასევე, მდიდარია
ცხიმოვანი თუ ორგანული მჟავებით, მიკროელემენტებით და ასე შემდეგ.
ქაცვს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის
შემახორცებელი, ანტიმიკრობული, დაზიანებული ქსოვილის აღმდგენი,
ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი, კუჭის წვენის სეკრეციის
შემამცირებელი, ანტიათეროსკლეროზული მოქმედება. სწორედ ამ თვისების
გამო, ის გამოიყენება ეგზემის, დამწვრობის, ძნელად შესახორცებელი
წყლულების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, დასხივებით გამოწვეული
დაავადების, გინეკოლოგიური პათოლოგიების სამკურნალოდ. მედიცინაში
ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო-ნარინჯისფერი ბლანტი სითხე,
რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ბევრი ავტორის
ცნობით ქაცვის ზეთი ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს,
აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც
მას ხშირად იყენებენ დამწვრობის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლების,
დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ.
ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის
ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის და
პაროდონტიტების მკურნალობის დროს. გამოიყენება გინეკოლოგიაშიც.
ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად საყლაპავი მილის
დასხივებისას, სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის
პარალელურად. თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ მთელი კურსის მანძილზე
და მისი დამთავრების შემდეგაც 2-3 კვირის განმავლობაში.
ქაცვის ნაყოფის ნახარშს, რომელსაც კუჭის დაავადების დროს სვამენ,
ამზადებენ შემდეგნაირად: 3 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ ცხელი
წყალი, ადუღეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი
(ნატურალური) გემოვნებით და მიიღეთ როგორც ჩაი 2-3 ჭიქა დღეში
(უმჯობესია უზმოზე).
ტოტების და ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი
წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები, დაასხით ცივი წყალი 0,5 ლ, ადუღეთ
5 წთ-ის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გააცივეთ 30 წთ, გაწურეთ და მიიღეთ
ერთ ჯერზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის
საწინააღმდეგო საშუალება. 2 სუფრის კოვზ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა
მდუღარე, გააჩერეთ 2-4 სთ-ით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150
მლ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე შეიზილეთ თავის
კანში საღამოს ყოველდღიურად.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ
ქაცვის ზეთს (1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის
განმავლობაში). მკურნალობის პირველი 3-4 დღის მანძილზე ძლიერდება
გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის
ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2% სოდის ხსნარი 1/4 ჭიქა, კარგად
შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ. სისტემატური მიღების დროს მცირედ ან სრულად
ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი
მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები