უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები შესაბამის დანამატს მიიღებენ
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლების უფროსი და
წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები, სქემით
განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატს 2021 წლიდან მიიღებენ.
შესაბამისად, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი
დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის
სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის.
,,ბოლო წლებში სპეციალური მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობის
მიზნით არაერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2018 წელს ზოგადი
განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე
ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ
მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი
გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. პრაქტიკოს
სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა,
დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის
წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს
მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და საგნის
მასწავლებლის მსგავსად მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის
დანამატი.დისტანციური სწავლების პირობებში, სპეციალური მასწავლებლების
მხარდაჭერის მიზნით, მომზადდა სარეკომენდაციო ვიდეორგოლები, ხოლო
სამინისტროს მულტიდისცპლინური გუნდის წევრები კოორდინაციას უწევენ
სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს: გასცემენ რეკომენდაციებს სსსმ
მოსწავლეების დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით, სკოლის
სპეციალურ მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას სასწავლო რესურსებისა
და სიახლეების შესახებ, აწარმოებენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების
მონიტორინგსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების გათვალისწინებით
ეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის
დაგეგმვაში", –ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები