საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გაზრდილი მასშტაბების გამო,
საკოორდინაციო საბჭომ მსჯელობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება,
კონკრეტული შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე დღეს
გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ
ისაუბრა.
„ეს არის ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელიც დაიწყება 28
ნოემბერს და დასრულდება 1 თებერვალს. 28 ნოემბრიდან 24
დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური
რაოდენობა. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჩვენს მოქალაქეებს:
კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას ერთად ვიზეიმოთ
ახალი წელი და ჩვენი რელიგიური დღესასწაულები. შემდეგ უკვე ისევ
ვუბრუნდებით შეზღუდვებს 3 იანვრიდან 16 იანვრამდე. საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, 3 იანვრიდან 15
იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც დაგვეხმარება დამატებით
მობილობის შემცირებაში. 16 იანვრის შემდგომ ყველა შეზღუდვა იხსნება,
რჩება მხოლოდ შაბათ-კვირას იგივე შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა
ძირითადად 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე,“ - განაცხადა
გიორგი გახარიამ.
შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს 28
ნოემბრიდან– 31 იანვრის ჩათვლით პერიოდს ასეთია:
ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად,
ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა;
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე
შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის –
რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ
შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.
დასაშვებია:
პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway
„დელივერი“
„დრაივი“
ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი
ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების
საქმიანობა.
დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ.
რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და
სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში
დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ.
გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის
მუშაობა;
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების,
ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და
პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ
აგრარული ბაზრები;
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა)
სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტეზე ასევე:
სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების
მოსაწყობად;
ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების
ფუნქციონირება.
24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების
შემსუბუქება:
ქვეყნის მასშტაბით:
იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის
მუშაობა.
3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში
ქვეყნის მასშტაბით:
ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24
დეკემბრამდე პერიოდში;
არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და
სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვარი – 31 იანვარი
ქვეყნის მასშტაბით:
აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა,
სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა
შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ
მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ
ეხება:
ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის,
საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების
მუშაობას;
დელივერსა და გატანის სერვისებს;
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების
მუშაობას;
ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
აგრარული ბაზრობის მუშაობას
და სხვ.
. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით)
გადაადგილება.
მასალის გამოყენების პირობები