რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2
ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი - ეს
2008 წლის ომის შედეგია.
საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე
რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც
მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში
თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა
ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა
შეიყვანა. მომდევნო დღეს, პარალელურად საქართველოს სხვა რეგიონების
საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.
8 აგვისტოს - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა სოფელ
შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე 3-5 ჭურვი ჩამოაგდო; რუსულმა
СУ-24-მა დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი.
9 აგვისტოს - დაიბომბა ფოთის პორტი, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული
ხომალდი; სენაკის სამხედრო ბაზაზე მნათობი ჭურვები ჩამოვარდა.
10 აგვისტოს - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს
საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის
საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს; რუსული სამხედრო მოიერიშე
თვითმფრინავების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაიბომბა; ათმა
რუსულმა სამხედრო მოიერიშემ ზემო აფხაზეთზე თავდასხმა
განახორციელა,
11 აგვისტოს - გორის დასავლეთით, სოფელ შავშვებში სამოქალაქო
მიმოსვლის სარადარო სადგური დაიბომბა; რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა
კოდორის ხეობა დაბომბეს (ზემო აფხაზეთი); რუსულმა თვითმფრინავებმა
ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო
(საქართველო-თურქეთის საზღვართან) დაბომბეს. დაზიანდა სოფლების
შემოგარენი და სასაფლაო; ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის
ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს)
დაიბომბა; დაიბომბა კოდორის ხეობა;
12 აგვისტოს კი - რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა გორის ცენტრალური
მოედანი და ბაზარი დაბომბეს.
მასალის გამოყენების პირობები