სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
დღეს მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო და 26
დეკემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრ გიორგი
გახარიას ბრძანებაშია აღნიშნული.
ბრძანების თანახმად, 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები
დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ
მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ
ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
„1. მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2020
წლის 3 აგვისტოდან 2020 წლის 26 დეკემბრამდე.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად,
საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური
რაოდენობა განისაზღვროს 1500-ით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ
სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს
1432-ით.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა
მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1420-ით.
5. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის
შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში
გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 235-ით.
6. საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო
დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე
ასაკის
მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო
სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება”, – წერია
პრემიერის ბრძანებაში.
მასალის გამოყენების პირობები