4 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების
მსურველთა რეგისტრაცია იწყება. საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ინფორმაციით, გამოცდის ჩაბარების
მსურველთა რეგისტრაცია 24 ივლისს დაიწყება და ექვსი დღე გაგრძელდება.
4 აგვისტოდან კი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო
გამოცდები დაიწყება. გამოცდის ჩაბარების მსურველი ავსებს ელექტრონული
განაცხადის ველებს - პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის
დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის
მიხედვით) და გვარი;
ამის შემდეგ ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი
ველები - სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი;
სასურველია გამოცდის ჩაბარების მსურველმა ასევე შეავსოს საკონტაქტო
ინფორმაციის ველები - ტელეფონი და ელ-ფოსტა;
ჩაბარების მსურველი შეხედულებისამებრ ნიშნავს პერსონალური მონაცემების
გაცემაზე თანხმობის ველს (თანხმობის საფუძველზე, გამოცდის ჩაბარების
მსურველის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების
შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების
თარიღი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაიცემა საარჩევნო
რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ
დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის სწავლების ცენტრიდან
წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში);
რეგისტრაციისას შეხედულებისამებრ არჩევს გამოცდაზე გამოცხადების
თარიღსა და დროს (საათი).
შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების
მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას
რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის,
დროისა და ადგილის მითითებით).
გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე შეუძლიათ
მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 24
ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით
აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან
18:00 საათამდე, შაბათ - კვირისა და უქმე დღეების გარდა. სამდივნოს
უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი
მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით
აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცესკოს შენობა). გამოცდის
მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა
რეკომენდაცია. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარების
მსურველი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით.
რეგისტრაცია 24 ივლისის 10:00 საათიდან 30 ივლისის ჩათვლით, 24:00
საათამდეა შესაძლებელი, შემდეგ მისამართზე:
http://registration.cec.gov.ge/
მასალის გამოყენების პირობები