გურჯაანის „გლეხური ბაზრის“ ტერიტორიაზე მდებარე ჯიხურები დაანგრიეს.
მფლობელების თქმით, დემონტაჟი უკანონოდ განხორციელდა და მათ ამის
შესახებ გაფრთხილებაც არ მიუღიათ. საპირისპიროს განმარტავს ბაზრის
დირექტორი და ამბობს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა.
ერთ-ერთი მესაკუთრის, თინა აბელაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც
წლების მანძილზე ბაზარსა და მესაკუთრეებს შორის დავა მიმდინარეობს,
დემონტაჟი არ უნდა მომხდარიყო.
„ბაზარსა და დანარჩენ მესაკუთრეებს შორის დავა უკვე მეათე წელია
მიმდინარეობს. აღნიშნული შენობები ნაყიდია, ზოგს საჯარო რეესტრში
გვაქვს დარეგისტრირებული, ზოგს ადრე მოქმედ ტექბიუროში. თუმცა
შენობებს დაეპატრონენ ლიპარტაშვილები ყოველგვარი კანონის გარეშე. მათ
უსაფუძვლოდ დაიკანონეს ბაზრის მთლიანი ტერიტორია. ბაზარს ადრეც ჰქონდა
შეტანილი მერიაში განცხადება და ითხოვდნენ დემონტაჟს, მაგრამ არჩილ
ხანდამაშვილის გარდა არცერთმა მერმა არ გასცა ნებართვა. მან არ
გაითვალისწინა სადავო ფაქტები. მან დაარღვია კანონი და მოიქცა
მიკერძოებულად. ჯიხურის მესაკუთრეებმა პროკურატურაში უკვე შეიტანეს
განცხადება და ითხოვენ გამოძიებას, ასევე ზარალის ანაზღაურებას. “
უკანონო დემონტაჟზე საუბრობს ერთ-ერთი მესაკუთრე, ლია ქართველიშვილიც.
როგორც ის გვიყვება, მართალია, მის ფართს არანაირი საფრთხე არ
ემუქრება, მაგრამ ჩნდება გზის პრობლემა.
„ღამის პირველ საათზე დაიწყეს დემონტაჟი და ხალხს შეატყობინეს, თქვენს
საქონელს მიხედეთო. თუ კანონიერად კეთდება რამე, ღამე რატომ დაიწყეს
დანგრევა. ხალხმა საქონლის გამოტანა ვერ მოასწრო და დიდი ზარალი
მიადათ. გარდა მაგისა, სხვა პრობლემებიც შეიქმნა, პირადად მე, გზაზე
მაქვს პრეტენზია, რომელიც უნდა ჩაკეტონ. თავიანთი ბიზნესის
განვითარებისთვის მე ვრჩები უფუნქციო. ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებს
დეპუტატი და იმიტომ არიან გათამამებული.“
გლეხური ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის განმარტებით, ჯიხურები
ბაზრის საკუთრება იყო და ამიტომ არანაირ კანონდარღვევას არ აქვს
ადგილი.
„გლეხური ბაზრის მფლობელობაში არსებული ჯიხურების დემონტაჟი დაიწყო
მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. წინასწარ გავაფრთხილეთ,
რომ დაეცალათ და გაეტანათ საქონელი, მაგრამ ამბობდნენ არ გავალთო.
ამის შემდეგ კიდევ ეტაპობრივად მოხდება იმ ჯიხურების დემონტაჟიც,
რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, დანარჩენებს არ შევეხებით. აშენდება
შესაბამისი შენობები და ვისაც სურვილი ექნება, შევა და ივაჭრებს. რაც
შეეხება გზის გადაკეტვას და ქვემოდან შემოსასვლელი კარების ჩაკეტვას,
სიმართლეს არ შეესაბამება. ქვემოდან დარჩება ჩვეულებრივ სამანქანო
გზა. არავის ამით ხელი არ შეეშლება. “
გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მერიამ ნებართვა
სასამართლოდან მიღებული მითითების საფუძველზე გასცა.
„ჩვენ დემონტაჟის ნებართვა კანონიერად გავეცით. სასამართლოდან მივიღეთ
მითითება, რომელიც ასევე მიიღო გლეხურმა ბაზარმაც. რამდენიმე
ლოკაციაზე, სადავო საკითხის გარკვევამდე, დროებით შეჩერდება დემონტაჟი
და ამას ვერავინ დაარღვევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებართვა
კანონიერად არის გაცემული, რადგან გლეხური ბაზარი ითხოვდა თავის
ტერიტორიაზე არსებული ფართების დემონტაჟს. სადავო ჯიხურებს არავინ
შეეხება.“
გურჯაანის გლეხურ ბაზარში მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა
მიმდინარეობს. ამ დრომდე რეაბილიტირებულია ბაზრის მხოლოდ ერთი
ნაწილი.
მასალის გამოყენების პირობები