სუსმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური
სამმართველოს თანამშრომელი, ხოლო ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო
საქმიანობის და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადებისა და
გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბერში, ინდივიდუალურმა მეწარმემ
და მასთან დაახლოვებულმა პირმა ნებართვის გარეშე, 2019 წლის 30
ნოემბრიდან 2020 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, გურჯაანისა და ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოიპოვეს ათასობით კუბური მეტრი ინერტული
მასალა, დაამზადეს 140 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები და
სხვადასხვა ფირმაზე მოახდინეს რეალიზება. შედეგად კი მიიღეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი.
აღნიშნულ პირებს, დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებას უწევდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური
სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც პირადი ინტერესით, უპირატესობას
ანიჭებდა მათ და წინასწარ აფრთხილებდა მოსალოდნელი შემოწმების
შესახებ. გამოძიების მიერ დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში
ჩართული ყველა პირი, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგადაც,
სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ამოღებულია
მათ მიერ გამოყენებული მძიმე ტექნიკა.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი
ოდენობით თაღლითობის, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის,
ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი
საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე
მიმდინარეობს, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 192-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტი, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და), რაც
სასჯელის სახით 6 - დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
მასალის გამოყენების პირობები