თელავსა და ბოლნისში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები ცნობილია
საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შესწავლის მიზნით, ქვეყნის ორ
მუნიციპალიტეტში: თელავსა და ბოლნისში 22-26 მაისს სეროპრევალენტობის
კვლევა ჩატარდა.
აღნიშნული კვლევის შედეგების შესახებ დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ
ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, კვლევის მიზანი იყო აღნიშნული მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე შერჩეულ პოპულაციაში იმუნური პასუხის (IgM / IgG) და
ანტიგენის არსებობის შესწავლა სწრაფი მარტივი ტესტების
გამოყენებით.
სკრინინგის დროს დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, მონაწილეს
დამატებით უტარდებოდა სტანდარტული PCR ტესტირება ლუგარის
ლაბორატორიაში.
კვლევისთვის იდენტიფიცირებული იყო ე.წ წითელი ზონა (ბოლნისის
მუნიციპალიტეტი) და მწვანე ზონა (თელავის მუნიციპალიტეი).
„პირველ ეტაპზე თითოეულ რეგიონში შეირჩა 15 საწყისი წერტილი, შერჩევა
გაკეთდა რეგულარული ბიჯით = საკვლევი მოსახლეობის რაოდენობა / 15.
მეორე ეტაპზე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწოდებული სიების
გამოყენებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა 18 წელზე უფროსი
ასაკის კვლევაში მონაწილე პირები.
სულ შესწავლილი იქნა 30 კლასტერი, გამოკვლეული იყო 300 პირი. კვლევის
მონაწილე პირების საშუალო ასაკი იყო 48 წელი, ასაკობრივი დიაპაზონი
18-95 წელი.
კვლევის პროცესში სკრინინგის დროს, IgM დადებითი შედეგი დაფიქსირდა 2
შემთხვევაში და IgG დადებითი შედეგი 1 შემთხვევაში, ყველა მათგანი
ბოლნისის რაიონის სხვადასხვა კლასტერში.
დადებითი ანტიგენ ტესტი - 15 შემთხვევაში, მათგან 60% (9/16) თელავისა
და 40% (6/15) ბოლნისის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა
კლასტერებში.
PCR კვლევით მხოლოდ 1 შემთხვევაში დაფიქსირდა დადებითი შედეგი, სოფელ
ქვემო ბოლნისიდან, სადაც ერთდროულად იყო დადებითი IgM და ანტიგენი -
სწრაფი ტესტით. “ - აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ორი მუნიციპალიტეტის მომენტალურმა კვლევამ
აჩვენა, რომ ეპიდზედამხედველობის სისტემის მიერ გამოვლენილი
დაზიანებული მუნიციპალიტეტის მასშტაბით ანტისხეულების ტესტირებისას
მიღებულია დადებითი შედეგი და გამოვლენილია დაავადების შემთხვევა PCR
კვლევით. ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც კვლევის მომენტისთვის
ეპიზედამხედველობის სისტემა არ არეგისტრირებდა COVID-19-ის
შემთხვევას, ანტისხეულების ტესტირებისას IgM და IgG დადებითი შედეგი
არ გამოვლენილა, ასევე უარყოფითი იყო ყველა PCR ტესტირების
შედეგი.
მასალის გამოყენების პირობები