საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის ადგილები,
სადაც სავალდებულოა პირბადის ტარება. ამავე დადგენილებაში
აღნიშნულია მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც პირბადის
გამოუყენებლობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია
მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ
შესაბამისი დადგენილება დღეს მიიღო.
პირბადის ტარება სავალდებულო იქნება:
- საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, ე.წ ფრანტ-ნაწილებზე,
სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს.
- საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე
თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2 მეტრი სოციალური დისტანციის დაცვა -
(მაგალითად, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, თუ შეუძლებელი იქნება
სოციალური 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სავალდებულო იქნება პირბადის
ტარება).
- შეხვედრებზე თავშეყრისას, გამომსვლელს/მომხსენებელს, შეუძლია არ
გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენების გაკეთებისას/პრეზენტაციის
გაკეთებისას, თუ ამ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის
დაცვა.
- საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც
მაღალი რისკის შემცველი დახურული სივრცეებია.
- სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სადაც
ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია.
- ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანამათლებლო
დაწესებულებებში.
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, მეტროპოლიტენსა და
ტაქსებში.
- სამუშაო ადგილებზე (ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად,
რომელიც ადგენს რეკომენდაციებს, აქ ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური
საქმიანობები)
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დასაშვები იქნება, როგორც
სამედიცინო, ასევე არასამედიცინო დანიშნულების პირბადე.
რა შეეხება გამონაკლისებს, ეს წესი არ შეეხება:
- 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.
- იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა,
მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმის მქონე
პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და გარკვეული
კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან
გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.
- არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ
დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე
ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, კონკრეტული
სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის
მომსახურეობისას.
მასალის გამოყენების პირობები