თბილისის 13 ივნისის წყალდიდობიდან 5 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე
ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 21 ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა და აქედან იდენტიფიცირებულია 19 ადამიანი.
მოვარდნილმა ღვარცოფმა თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის
ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა
ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის
ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა
გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. სტიქიური უბედურება 13 ივნისს
გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა
სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში
ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ,
სტიქიურ უბედურებას შეეწირა 19 ადამიანის სიცოცხლე, დაკარგულია 6
ადამიანი და 200-ზე მეტი უსახლკაროდაა დარჩენილი. დაღუპულებს შორის
იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.
სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა,
რომელიც 2010 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მის მშენებლობაზე,
ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. დაიტბორა ნუცუბიძის პლატო. ვერეს
ხეობაში მდებარე სახლები წყლის ქვეშ მოექცა. ჩამოინგრა კაზინო
„ევროპას“ კედელი.ასევე, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად გაანადგურა
ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და იქ მცხოვრები
ძაღლების უმეტესობა იმსხვერპლა. ასევე, თავშესაფარში ცხოვრობდნენ
დათვებიც და ყველა მათგანი დაიხრჩო
მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი
თბილისში პირველი არ არის. პირველად არ მომხდარა არც ზოოპარკის
დატბორვა. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები
შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით
მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა,
წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში
ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.
მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი
შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები