კახეთში კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. სიღნაღის,
დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში
ტერიტორიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სურსათის ეროვნული სააგენტოს 11 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა
თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის
პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებები უსაფრთხოების წესების
დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი
თვითმმართველობები მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ აფენში ღონისძიებების მიმდინარეობას
კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, სურსათის
ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, კობა
ჩიკვაიძესთან ერთად გაეცნო.
„მნიშვნელოვანი პრობლემა დგება ხოლმე ზაფხულის პირზე კახეთის მთელ რიგ
მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით ალაზნის პირზე, ამიტომ ჩვენ
ყოველწლიურად პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ, რომ კოღო და სხვა
მწერები არ გავრცელდეს, რომელიც შეძილება სხვადასხვა დაავადების, მათ
შორის, მალარიის გადამტანები იყვნენ და ამავე დროს, დიდ დისკომფორტს
უქმნის მოსახლეობას. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, ხორციელდება
სპეციალური შეწამვლითი სამუშაოები. ეს შეწავლვა არც ერთი
კულტურისთვის, არცერთი ცოცხალი ორგანიზმისა და ადამიანისთვის საფრთხეს
არ წარმოადგენს, მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართულად ანადგურებს
კოღოებს,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის
უფროსმა აღნიშნა, სულ დაგეგმილია 10 ათასი ჰექტრის დამუშავება. ამ
დროისთვის უკვე შეწამლულია 2 ათას ჰექტრამდე ფართობი.
„ტერიტორიის თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება წარმოადგენს
ტრანსმისიური დაავადებების გადამტანი კოღოების საწინააღმდეგო
ღონისძიებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი
მოსახლეობისთვის. აღნიშნული ღონისძიება ტარდება უსაფრთხოების წესების
დაცვით. სულ რეგიონში დამუშავდება 5 მუნიციპალიტეტი, რაც გამოიწვევს
იმას, რომ კოღოების რიცხოვნობა შემცირდება და მოსახლეობის ეს პრობლემა
მოხსნილი იქნება.“ - აღნიშნა კობა ჩიკვაიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით,
ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები