5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, გამოცხადდა
კონკურსი „სუფთა რეგიონი“, რომელიც პროექტის - „დავიცვათ საქართველოს
სისუფთავე“ ფარგლებში, წელს უკვე მეხუთედ ტარდება.
„დღეს გამოცხადდა მნიშვნელოვანი კონკურსი, რომელიც ერთგვარ ტრადიციად
იქცა. სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ კონკურში, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, რომ ქვეყანაში ასეთი აქტივობები კიდევ
უფრო ბევრი იყოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრები-საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძის თქმით, გარემოს
სისუფთავე არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც შესაძლებელია ახალი
კორონავირუსის დაძლევა. ის მოუწოდებს ყველა მუნიციპალიტეტს და
მოქალაქეს, მონაწილეობა მიიღოს კონკურში, რომლის შედეგებიც 2021
წლის იანვარში შეჯამდება.
კონკურსის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი“,
„სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“,
„სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა ლამაზი
საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“ გამოავლინოს.
ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსი ქვეყნის მასშტაბით სტიქიური
ნაგავსაყრელების რიცხვს ამცირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო
ორგანიზაციები: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს
ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა
მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, მყარი ნარჩენების მართვის
კომპანიასთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
გასულ წელს სუფთა რეგიონის სტატუსი
კახეთმა მეორედ მოიპოვა. გარდა ამისა, „საწარმოს
ლამაზი ეზო“ გამარჯვებული გახდა ქალაქ თელავის, ღვინის კომპანია
„შუმის“ ეზო;
„ლამაზი ეზოს" ტიტული კი მოიპოვა ქალაქ გურჯაანში იზა
გაბიტაშვილის ეზომ.
კახეთმა სუფთა რეგიონის კონკურსში
პირველად 2018 წელს გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები