კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ კომენდანტის საათი ხვალ,
22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება პოსტკოვიდური სამყარო,
რაც ზრდის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.
"ჩვენი ვალდებულებაა ნელ-ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად
ცხოვრების ნორმალურ წესს დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ დაზუსტებით დღეს
ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო
ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ყველას
კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ-ნელა ფრთხილად, ეფექტურად და
გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც
ეკონომიკური მიმართულებით, ასევე სოციალური მიმართულებით, ყოველდღიური
ცხოვრებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო
გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს, საგანგებო მდგომაროება და
შესაბამისად, კომენდანტის საათი.
ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა
ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს მსოფლიოში დაზუსტებით
ვერავინ ვერაფერს ამბობს, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა,
როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება", –
განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, სოციალური დისტანციის, პირბადეების ტარების და ის
სხვა მოთხოვნები, რომელსაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები
გვიყენებენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში
კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრობენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის
ჩათვლით არის გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები