სიტყვა ომი ბავშვობიდანვე მტკივნეულად ჩამრჩა მეხსიერებაში. ჩემი
ომგამოვლილი პაპა ცრემლმორეული იხსენებდა ხოლმე შინმოუსვლელ სამ ძმასა
და დედამისის მრავალწლიან მოლოდინს, დედისას, რომელსაც დიდხანს,
დარდმორეულს, საწოლის ნაცვლად იატაკზე ეძინა, სასთუმალად კი, აგურის
ნატეხი ედო
- „არ ვიცი, სად არიან ჩემი შვილები და მე თბილ ლოგინში როგორ
დავიძინოო?!“
ეს არის და ეს. პაპაჩემის ომისეული მოგონებებიდან არაფერი მახსოვს.
მხოლოდ ცხრა წლის ვიყავი, როცა დაიღუპა და ბევრი რამის მოყოლა ვერ
მოასწრო.
პაპამ ვერ მოასწრო, თუმცა ომის ქრონიკებისა და ჯარისკაცების ემოციების
გაცოცხლება იმ წერილიდანაც შეიძლება, რომელიც ჩვენს ოჯახში უკვე 79
წელია ინახება და ჩვენთვის ერთგვარი რელიქვიაა.
წერილი პაპაჩემის ძმას - მათე კაპანაძეს გამოუგზავნია ჩემი დიდი
პაპა-ბებიისთვის. ომში ჯერ ის წაუყვანიათ, შემდეგ კი მეორე ძმა - ილო.
წერილში წერს მშობლებს, ილოსი არაფერი გამიგია და თუ წერილს
გამოგზავნის, შემატყობინეთო. ომიდან მოკითხვას უთვლის ჯერ კიდევ
სამშობლოში მყოფ და შორსდარჩენილ ძმებს, ვანოს (ვანო პაპას ერქვა) და
გიგლას „დიდი სიყვარულითა და ნახვის ნატვრით“. მშობლებს თავადვე
ატყობინებს, რომ ომის ქარტეხილებს მესამე ძმაც ვერ გადაურჩებოდა. ასეც
მოხდა...
„ვანოს ერთი კარგი კრუშკა და კოვზი უშოვნეთ და ცოტაოდენი ფული.
ტანისამოსი სულ ძველები ჩაიცვას, ახლები არ უნდა. გიგლას ვიცი არ
წამოიყვანენ ჯერჯერობით. მე ძალიან კარგადა ვარ, არაფერი მიშავს.
ჩემთან სულ ქართველი ბიჭები არიან.“- ვკითხულობ უკვე გაყვითლებულ
წერილში, რომელიც ომის ქრონიკებს 79 წელია ინახავს. ვკითხულობ და
მიკვირს, ნუთუ მართლა კარგად გრძნობდა თავს იქ, იმ უცხო მხარეში,
სადაც ტყვიების ზუზუნი ყველა სულიერს აჩუმებდა?! იქნებ მშობლების
გასამხნევებლად წერდა, ან იქნებ სულაც მართლა კარგად გრძნობდა თავს და
ბრძოლის იმ შედეგით დასრულებას ელოდებოდა, რომელიც ნატვრად ჰქონდათ
ქცეული და ომში გამარჯვება ერქვა.
წერილი1941 წლის 27 დეკემბერსაა გამოგზავნილი, ამის შემდეგ კი,
მშობლებს მის შესახებ აღარაფერი გაუგიათ. წერილის ავტორს დედ-მამის
ნახვის ნატვრა ვეღარ აუსრულდა, თუმცა აუსრულდა ის, რისთვისაც
იბრძოდა.
ისე არ მოხდა, როგორც დედ-მამას აიმედებდა, ომში პაპაჩემიც წაიყვანეს
და მეოთხე ძმა, გიგლაც. გმირი შვილების დედას სულ ჰქონდა მოლოდინი,
რომ ერთხელაც ნაცრისფერი სახლის კედლები ძველებურად აჟრიამულდებოდა და
ოთხივე შვილს ისევ ერთად ჩაიკრავდა გულში, სწორედ ისე, როგორც
ბავშობისას, მოლოდინი მოლოდინად დარჩა...
ორი წლის წინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეობაში დაღუპული
ქართველი მეომრების საფლავებს პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე
მიაკვლიეს, იმედიანად ვკითხულობდი გვარებს, იქნებ, იქ ჩემი გვარი და
სამი სახელიდან ერთ-ერთი მაინც ამომეკითხა - მათე, გიგლა, ილო...
მაგრამ ვერ ვიპოვე, მათი საფლავები ისევ დაკარგული გვაქვს. თუმცა,
როცა მემორიალზე პაპაჩემის ძმების სახელებს ვკითხულობ, ამაყი ვარ,
ამაყი ვარ და მჯერა, რომ ისინი იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, თუმცა,
თავისუფლება ჯერ კიდევ დასაცავი გვაქვს...
მასალის გამოყენების პირობები