დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაიწყო მოსახლეობის თერმოსკრინინგი.
ამ პროცესში ჩართული არიან ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები,
მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოს
დეპუტატები და ააიპ-ის თანამშრომლები.
ღონისძიებები ქალაქ გურჯაანიდან დაიწყო და პირველ რიგში, ტარდება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა: სასურსათო მაღაზიის,
აფთიაქებისა და ბანკების მიმდებარე ტერიტორიები, იქ, სადაც არის
მომხმარებელთა რიგები. ასევე დაიწყება ე.წ. კარდაკარ სიარული და
მოსახლეობის გადამოწმება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი speqtri.ge-სთან
საუბარში განმარტავს, პროცესის დასრულებისთვის, დაახლოებით 2 კვირა
იქნება საჭირო.
„20 ცალი დისტანციური თერმომეტრი გადმოგვცა სამხარეო ადმინისტრაციამ
და დღეს დილას უკვე დავაკომპლექტეთ ჯგუფები, რომლებიც მთელ
მუნიციპალიტეტს მოიცავენ. აუცილებელია, რომ თითოეულმა მოსახლემ
გაიაროს თერმოსკრინინგი. დღეიდან უკვე დაწყებულია პროცესი და ალბათ
დაახლოებით 2 კვირა დაგვჭირდება იმისათვის, რომ მოვიცვათ მთელი
მუნიციპალიტეტი.“
მერის განმარტებით, თუკი რომელიმე მოქალაქეს ტემპერატურა აღმოაჩნდება,
მას შესაბამის კონსულტაციას გაუწევენ.
„თუმცა აღსანიშნავია, რომ ცხელება არ ნიშნავს, კორონავირუსის
არსებობას. ეს ღონისძიებები არის პრევენცია იმისათვის, რომ
მაქსიმალურად ყურადღებით იყოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქმის
კურსში ჩავაყენებთ როგორც ოჯახის ექიმებს, ასევე საზოგადოებრივი
ჯანდაცვის წარმომადგენლებს და ვიმოქმედებთ მათი რეკომენდაციებით.“
არჩილ ხანდამაშვილის თქმით, იმ ჯგუფებს, რომლებიც ახორციელებენ
თერმოსკრინინგს, მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის მიერ,
შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. მათ კოორდინაციას უწევს
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო
ბერიძიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები