არ არის აკრძალული სახლის წინ პატარა სავაჭრო ობიექტის მოწყობა - კახეთის გუბერნატორი
რეგიონში ბაზრების დახურვასთან დაკავშირებით დღეს კახეთის
გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი
განცხადებით, ადგილობრივმა საოპერაციო შტაბმა მისი დახურვის
გადაწყვეტილება იქიდან გამომდმინარე მიიღო, რომ ბაზრობები წარმოადგენს
თავშეყრის ადგილს.
„ბაზრობები წარმოადგენს თავშეყრის ძალიან დიდ ადგილს, სადაც ვაჭრობა
ხდება ერთი ხელიდან, ფულის მიცემა და ა.შ. და დიდი რისკია, რომ აქ
ვირუსის გადაცემის კერა გაჩნდეს. გვესმის, რომ ეს არ არის კარგი
ცხოვრებით გამოწვეული ზომები, გარკვეული ადამიანები ზიანდებიან,
მაგრამ განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენთვის ეს არის ადამიანების
ჯანმრთელობა და საფრთხის თავიდან აცილება. ამ კრიტერიუმების
გათვალისწინებით, მივიღეთ ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება. თუმცა,
მინდა გითხრათ, რომ იმდენი სავაჭრო ობიექტია, რომ მოსახლეობას
პროდუქტის დეფიციტი არ შეექმნება.“
მოვაჭრეების ნაწილმა ახალი პროდუქტი, ბაზრის დახურვის წინა დღეს
შეიძინა, რადგან მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ
ჰქონდათ. სწორედ ამის გამო, ისინი პრობლემის წინაშე არია, რადგან არ
იციან რა მოუხერხონ დიდი რაოდენობით მალფუჭებად პროდუქტს.
ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ბაზრების
ადმინისტრაციის გაფრთხილება 2 დღით ადრე მოხდა.
„სპეციალურად არ დაიხურა ბაზრები შაბათ-კვირას, რომ იქ არსებული
პროდუქცია ამოყიდულიყო. ასევე, არ არის აკრძალული სახლის წინ პატარა
სავაჭრო ობიექტის მოწყობა, მაგრამ იქაც დაცული უნდა იყოს ყველა ის
პირობა, რაც განსაზღვრულია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ სტანდარტებით.
“
ბაზარი დაიხურა გურჯაანშიც, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ხორცით
მოვაჭრეებმა საქონელი გუშინ დაკლეს, მათ დღეს ხორცის რეალიზების
შესაძლებლობა მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები