კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით,
რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
2 მარტიდან 16 მარტამდე - საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში, სასწავლო
და სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო ღონისძიებები
ეტაპობრივად ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო
რწმუნებულის ხელმძღვანელობით რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი
მუდმივ სამუშაო რეჟიმში იმუშავებს და კოორდინირებას გაუწევს
საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარებას.
„გვქონდა გაფართოებულ რეჟიმში საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა.
ვიმყოფებით მუდმივ კოორდინაციაში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან,
ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვმოქმედებთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ
გაცემული კონკრეტული მეთოდოლოგიისა და მითითებების გათვალისწინებით“ -
აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის
საფუძველზე, კახეთის რეგიონში, თავშეყრის ადგილების თავიდან აცილების
მიზნით, 3 და 8 მარტის მასშტაბური, სადღესასწაულო ღონისძიებები არ
ჩატარდება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო
საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები
მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ
სუბარი უწევენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკოორდინაციო ჯგუფის წევრები:
მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
ადგილობრივი წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და
საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოების ხელმძღვანელი პირები.
მასალის გამოყენების პირობები