ძლიერი მშობელი ძლიერ ბავშვს ნიშნავს - რა პრობლემები აქვთ შშმ პირთა მშობლებს
გურჯაანის შშმ პირთა მშობელთა ასოციაციის წევრებმა კიდევ ერთი
შეხვედრა გამართეს. ამჯერად განხილვის თემა იყო ადვოკატირება, ასევე
შშმ პირების მშობლის და ბავშვების გაძლიერება. მათ მუშაობის შედეგები
შეაჯამეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
ორგანიზაციის დამფუძნებლის, მირანდა ფაიქიძის განმარტებით, შეხვედრები
მშობლების ინფორმირების მიზნით ტარდება, რათა მათ შვილების
საზოგადოებასთან ადაპტაციას შეუწყონ ხელი.
„შეხვედრები ტარდება იმისთვის, რომ მშობელს გაუჩნდეს იმედი და
გაუძლიერდეს საკუთარი თავის რწმენა, რაც ხელს შეუწყობს მათ
გარესამყაროსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ამაღლებას.
მათ არ აქვთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ პაკეტში შშმ
პირებისთვის განსაზღვრული სერვისების შესახებ. ჩვენ კატეგორიების
მიხედვით გვაქვს ინფორმაცია დაყოფილი და მშობლებს შეძლებისდაგვარად
ვაწვდით.
საზოგადოების მხრიდან ამ ბავშვების მიუღებლობაა, რადგან ძირითადად
ჩაკეტილები არიან და ეს სოციალური პრობლემებითაა გამოწვეული. ხშირ
შემთხვევაში, ამ ბავშვების მშობლებს არ აქვთ საშუალება, რომ შვილები
სარეაბილიტაციო ცენტრში წაიყვანონ: ტრანსპორტში ვერ აჰყავთ და ტაქსით
მგზავრობა ძვირია.
მერია აფინანსებს 0-დან 7 წლამდე ადრეულს, თანადაფინანსებით, 0-დან 7
წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის და ასევე დაუნის სინდრომის მქონე
პაციენტებს 13 წლამდე. ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტის მერიას 2019
წელს, რომ როგორმე მოეხერხებინა და ეს თანხა ყველა კატოგირიაზე
გადაენაწილებინა. სტატისტიკურად, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ დაითვალა,
რეაბილიტაციის ცენტრში ყველაზე მეტია ცერებრალურის დიაგნოზის მქონე
ბავშვები. დაგვპირდნენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას ეს
ცვლილება მოხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ ისე დატოვეს.“
მირანდა ფაიქიძის თქმით, ორგანიზაცია უკვე რვა თვეა არსებობს და მისი
მთავარი მიზანია, შშმ პირთა ოჯახების ინოფმირება და მშობლების
გაძლიერება, რადგან ძლიერი მშობელი ძლიერ ბავშვს ნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები