პირველი მარტიდან გურჯაანის რეაბილიტაციის შემდეგ „გლეხური ბაზარი“
ფუნქციონირებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი გარემოვაჭრეებს შეხვდა.
მან მოვაჭრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა პირობა და ტერიტორიის
დასატოვებლად ერთი კვირის ვადა მისცა.
„ბევრჯერ შევედი გარემოვაჭრეების მდგომარეობაში. მათი მხრიდან იყო
ობიექტური შენიშვნა, რომ ბაზარი არ იყო მოწესრიგებული. ამჟამად ახალი
ბაზარი გაკეთდა და ქუჩაში ვაჭრობის მიზეზი არ არსებობს. ამიტომ
გურჯაანში გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს. გვინდა სუფთა ქუჩები, ეს
პირველ რიგში, გურჯაანელების მოთხოვნაა. გარემოვაჭრეებს კიდევ ერთ
კვირას ვაძლევთ, ამის შემდეგაც თუ არ შევლენ ბაზარში, ზედამხედველობის
სამსახური თავის ფუნქციებს შეასრულებს. “
გარემოვაჭრეები პირობებით უკმაყოფილოები არიან და ზოგიერთი მათგანი
შიგნით შესვლას არ აპირებს.
„გრძელი დახლებია, იმხელა რომ მოვაჭრეს არა აქვს საშუალება შემოუაროს
და კლიენტს მოემსახუროს. შესასვლელიც მოუწესრიგებელია, არ არის
დასხმული ასფალტი და წვიმის დროს ტალახი იქნება. ტონობით კარტოფილი
გვაქვს მოტანილი და ბაზარში მანქანის გარეშე უნდა შევიტანოთ, თითო
მეშოკს ხომ ვერ მოვიკიდებთ? იყოს შიგნით მანქანის გასაჩერებელი ადგილი
და კი ბატონო, შევალთ. ამბობენ, გადასახადიც მაღალიაო, ჩვენ რაღა
წავიღოთ ოჯახში? ამიტომ ვფიქრობთ, არ შევალ შიგნით,“ - ამბობენ
მოვაჭრეები.
„გლეხური ბაზრის“ დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის თქმით, ახალ
სივრცეში მოვაჭრეებისთვის ყველანაირი პირობებია შექმნილი და
გადასახადიც ამის შესაბამისად არის განსაზღვრული.
„ერთი მეტრა მეორეხარისხოვანი ადგილები ხუთი ლარი ეღირება, ცოტა
უკეთესი კი შვიდი. პირველი ერთი თვე ამჯერად რასაც იხდიან იგივე
ექნებათ გადასახადი. ამის მერე ათ რიცხვში გადაიხდიან ნახევარს და
ნახევარს კიდევ 25 ში. ჩვენც ბევრი გადასახადი გვაქვს და ამიტომ ასეა
გამნსაზღვრული. “
მისივე თქმით, რაც შეეხება ყველის გამყიდველებს, ისინი ფიქსირებულად
თვეში სამას ლარს გადაიხდიან, ხოლო ხორცით მოვაჭრეები - 500 ლარს.
მასალის გამოყენების პირობები