„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სურათებს ავრცელებს,
სადაც მისი თქმით, ვეჯინის ბაღის წყლის ავზია გადაღებული.
როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რეზერვუარი, რომლითაც ბაღი
წყლით მარაგდება, დაბინძურებულია, რაც ბავშვების ჯანმართელობას
საფრთხეს უქმნის. ფაქტს უარყოფს ბაღის მენეჯერი, ეკა სიმონიშვილი და
ამბობს, რომ ფოტოზე ძველი, დაზიანებული რეზერვუარია გამოსახული,
რომელიც ხმარებიდან ამოღებულია.
„გასულ წელს აღმოვაჩინეთ, რომ რეზურვუარი,რომლითაც ვეჯინის ბაღი წყლით
მარაგდებოდა, დაბინძურებული იყო,ბაღის ადმინისტრაციამ უარყო,თუმცა
ფაქტები სხვაზე მეტყველებდა. გუშინ მივიღე ფოტომასალმა,რომელიც ჩემმა
წყარომ მომაწოდა. მდგომარება კვლავ კრიტიკულია.ზოგადად, აღნიშნულ
ბაღში ბევრი შეუსაბამობაა. ბაღის ადმინისტრაცია არაჯეროვნად ასრულებს
მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სურათზე
გადაღებულია მოქმედი რეზერვუარი რაც დადასტურებულია.“- განაცხადა
თემურ ბუწაშვილმა.
ეკა სიმონიშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოქმედი რეზერვუარი
გაიწმინდა, ერთი თვეც არ არის გასული.
„ვეჯინის საბავშვო ბაღის წყლის ავზი, რომელსაც ვიყენებთ, 15 იანვარს
გავრეცხეთ კერხერით და დავქლორეთ. ეს არის ორტონიანი ავზი, რომელიც
სამ დღეში ერთხელ ივსება. ამასთან დაკავშირებით გვაქვს სურათები,
აქტი, ოქმი, ასევე ბრძანებაც, რომ სამუშაო შესრულდა. ზოგადად, 6 თვეში
ერთხელ ირეცხება, მაგრამ სამი თვეც არ იყო გასული, რომ ისევ
გავასუფთავეთ. როგორც ვიცი, მსგავსი სურათები შარშანაც გავრცელდა.
მაშინაც ძველი წყლის ავზი გადაიღეს, რომელიც ღობესთან დგას და
გატეხილია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დეზინფორმაცია და
სიმართლეს არ შეეფერება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,
ბავშვებისთვის არაფერი არ არის საზიანო.“
მისივე თქმით, ასეთი აბსურდული ბრალდების გამო, სხვა დროს კომენტარს
აღარ გააკეთებს. „ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი. ამ საკითხთან
დაკავშირებით აღარ ვისაუბრებ.“
შეგახსენებთ, რომ ამ საკთხთან დაკავშირებით
თემურ ბუწაშვილმა ფოტოები გასული წლის თებერვალშიც
გაავრცელა. მაშინ ის გზაზე განთავსებულ ცხვრის სადგომზეც
საუბრობდა, რომელსაც ბაღის ეზოსგან მხოლოდ ერთი ღობე ჰყოფდა.
მასალის გამოყენების პირობები