მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას წელიწადში ორჯერ
აღინიშნავს: 19 დეკემბერს –ხსენების დღეს, 22 მაისს კი – ნიკოლოზ
სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეს.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა
ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და
მოღვაწეობისა.
წმინდა ნიკოლოზის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია
ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. მრავალი განუკურნავს: ბრმათათვის
თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია, ყრუთათვის – სმენა,
უტყვთათვის – მეტყველების მადლი. სიღატაკეში მყოფთათვის – ცხოვრების
სახსარი, დამშეულთათვის – სასმელ–საჭმელი.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ
პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი
მშობლები – თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს,
ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე
შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ.
ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც
სახელად ნიკოლოზი უწოდეს.
წმიდა ნიკოლოზი დაიბადა თუ არა, მისი დედა, რომელსაც მრავალი წლის
მანძილზე სენი ტანჯავდა, მსწრაფლ განიკურნა. ნათლობისას კი ჩვილი
ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა.
დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს,
მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ იღებდა.
წმ. ნიკოლოზმა ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი. მთელ დღეს
ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა.
პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი
მღვდლად აკურთხა.
წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო
ტაძარში მისი წმიდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან
წმიდა მირონი მოედინებოდა, რომლითაც მრავალი სასწაულებრივად
იკურნებოდა. 1087 წელს წმიდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის
მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონ–ლუკიაში მას
საფრთხე დაემუქრა მაჰმადიანების მხრიდან.
საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები