ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის ეკლესიები გაიხსნება -გიორგი გახარია
11 ოქტომბრიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის
ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან
გამართულ შეხვედრაზე საუბარი დავით გარეჯის საკითხსაც შეეხო. .
„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ
სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული
საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს არის ჩვენი
პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და
გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და, რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია,
ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და
ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველსა და ამ
ფუნდამენტზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე
და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული
სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება
და შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს
სერიოზული პროგრესი“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გუშინ
იმყოფებოდა.
ვიზიტამდე ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა
მინისტრებს, რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმდჯომარეს
საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა, ილია მეორემ მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები