ნანა ინჯგია 24 წლისაა, ბოლო 5 წელია, ჟურნალისტად მუშაობს, თუმცა,
მხოლოდ 1 წელია, რაც ანაზღაურებადი სამსახური აქვს. 3 წელი
ახალგაზრდულ ტელევიზიაში მუშაობდა, სადაც ჰონორარის სახით, ჯამში,
მხოლოდ 300 ლარი აიღო.
ნანა იმ ასაკობრივ ჯგუფში შედის, რომელსაც სამუშაოს პოვნა ყველა მეტად
უჭირს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის)
მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის მოქალაქეებში უმუშევრობის მაჩვენებელი
3-ჯერ მაღალია, ვიდრე მთლიანად მოსახლეობაში.
ბოლო 10 წელია, უმუშევრობა, სიღარიბესთან და ინფლაცასთან ერთად,
საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება.
NDI-ის მიერ 2019 წლის ივლისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით,
18-34 წლის მოსახლეობის 55% თავს უმუშევრად მიიჩნევს. უმუშევრობის
მიზეზად ისინი სხვა მოვალეობებს, პირადი კავშირების არ ქონასა და
შესაბამისი უნარების/განათლების ნაკლებობას ასახელებენ.
სწავლის პარალელურად მუშაობა ახალგაზრდებისთვის მთავარ გამოწვევად
რჩება. ანა ზაქაშვილი პირველი კურსიდან სწავლის პარალელურად მუშაობს.
არჩევანს მხოლოდ ისეთ ვაკანსიებზე აკეთებდა, რომლებიც სწავლაში ხელს
არ შეუშლიდა, თუმცა მსგავს პოზიციებზე ანაზღაურება დაბალი იყო,
პირობები კი - მძიმე. ანას თქმით, გამოცდილების გარეშე სამსახურის
დაწყება ძალიან რთულია, სტუდენტისთვის კი გამოცდილების მიღების
ერთადერთ შესაძლებლობად მომსახურების სფერო რჩება.
CRRC-ის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები
მიიჩნევენ, რომ დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი,
შრომისმოყვარეობასთან ერთად, სამუშაო გამოცდილება, გამართლება და
ნაცნობაა. გამოკითხვის შედეგებს იზიარებს სოფო წულაია, რომელიც
პროფესიით იურისტია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯად მუშაობს.
იურისტად დასაქმება ბევრჯერ სცადა, თითქმის ყველა ღია კონკურსში მიიღო
მონაწილეობა, რაც გამოცხადდა, თუმცა დღემდე პასუხის მოლოდინშია. სოფოს
აზრით, კარგ განათლებასთან და შესაბამის უნარებთან ერთად,
რეკომენდატორის დახმარება აუცილებელია.
ვრცლად
იხილეთ
მასალის გამოყენების პირობები