12 ოქტომბერს, გურჯაანში კურორტ ახტალის ტერიტორიაზე, წელს უკვე
მესამედ ღვინის ფესტივალი გაიმართება.
მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით,
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო
მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო, ხელნაკეთი,
შემოქმედებითი, თემატური ნამუშევრები და ეთნოგრაფიული
ექსპოზიციები.
„ღონისძიება შარშანდელთან შედარებით ყველა კუთხით, უფრო მასშტაბური
ხასიათის იქნება. ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მონაწილეობს
ორასამდე ღვინის კომპანია და მეწარმები. ასევე ველოდებით სტუმრებს
დამეგობრებული ქალაქებიდან. გვეყოლება დელეგაციები: სლოვაკეთიდან,
ბელარუსიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, ლიტვადან. გერმანიიდან
გვეყოლება ექსპერტი პიტერ შულცი. ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში
ესპანეთთან და სლოვაკეთთან გავაფორმებთ მეგობრობის მემორანდუმს.
ველოდებით ასევე დიპლომატიურ კორპუსს და ბიზნეს ომბუდსმენებს.
იქნებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სამთავრობო
დელეგაცია და პარლამენტის წევრები. “
მისივე თქმით, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ
ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობაში,
შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში. ფესტივალის ფარგლებში,
წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და
კულინარიული პავილიონები, ხოლო საღამოს გაიმართება გალა კონცერტი
თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით.
„იქნება მუსიკალური გაფორმება ყველა გემოვნების მსმენელისთვის.
ახტალის პარკის შემოსასვლელში გამოფენილი იქნება მუნიციპალიტეტის
საჯარო სკოლის მოსწავლეების ექსპოზიციები. ფესტივალში ძალიან ბევრი
მცირე მეწარმე და მარანი იღებს მონაწილეობას. ის, რომ გურჯაანი არის
მეღვინეობის ქალაქი ამ ნიშას დღითიდღე მყარად ვამკვიდრებთ.
ბავშვებისთვის იქნება განსაკუთრებული სივრცე მოწყობილი. მაქსიმალურად
ვეცადეთ ყველა ასაკის ადამიანისთვის შეგვექმნა შესაბამისი გასართობი
გარემო. “
მისივე თქმით, ფესტივალი საღამოს 9 სათამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ,
რომ ღვინის ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა
და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი
მხარდაჭერით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები