სოფელ ხოდაშენში მცხოვრები, 14 წლის ზურაბ იმედაშვილის დედა,
შვილისთვის დახმარებას ითხოვს. მოზარდი ორი წელია იაშვილის კლინიკაში
პანენცეფალიტის დიაგნოზით წევს.
როგორც ნინო მორჩაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შვიდი თვის ბავშვმა
წითელა გადაიტანა, ხოლო დაავადებამ 11 წლის ასაკში იჩინა თავი.
„11 წლისას დაეწყო წამიერი გათიშვები, როდესაც შევამჩნიე, ექიმთან
მივიყვანე და ენცეფალოგრამა გადავუღეთ. გვითხრეს, რომ არაფერია და
გადაღლილობის ბრალი იყო. გვირჩიეს ბავშვს ბევრი არ ერბინა და ხშირად
დაესვენა. ყველანაირად ხელს ვუწყობდი, მაგრამ უკვე ხშირად ითიშებოდა.
მანამდე ისეთი ჯანმრთელი იყო, სიცხეც კი არა ჰქონია. როდესაც
ნერვოპათოლოგთან გაგვაგზავნეს, უკვე დამოუკიდებლად გადადგილება
უჭირდა, დააკლდა მხედველობა და სმენა. ნერვოპათოლოგმა გვითხრა,
ნერვიული შეტევააო, წამლები დაუწერა, თუმცა უარესი დაემართა.“
ნინო მორჩაძის თქმით, ამის შემდეგ ბავშვი ნეიროქირურგთან მიიყვანეს,
რომელმაც უთხრათ, რომ ხერხემალში სითხე მეორე მალამდე იყო ჩამოსული და
ტვინს ზღუდავდა.
„გავუკეთეთ ოპერაცია, რის შემდეგაც ოდნავ წინ წამოვიდა. მეხსიერება
ცოტა დაუბრუნდა და სიარულიც გამოუსწორდა. გვითხრეს, რომ ხერხემლიდან
სითხის აღება იყო საჭირო. პირველ ჯერზე თბილისიდან არასწორი დიაგნოზი
მოგვივიდა, ამიტომ ხელმეორედ გახდა სითხის აღება საჭირო, რომლის
სინჯიც უკვე გერმანიაში გავაგზავნეთ. იქიდან მოგვივიდა პასუხი, რომ
წითელას ანტისხეულები ძალიან მაღალი იყო და პანენცეფალიტის დიაგნოზი
დაუსვეს. სანამ გერმანიის პასუხი გვეცოდინებოდა, მანამდე ბავშვი ერთი
წელი სახლში გვყავდა. ვერ დადიოდა და ვერ ლაპარაკობდა. შემდეგ ძალიან
მაღალი სიცხე მისცა და ისევ იაშვილის კლინიკაში გადავიყვანეთ, სადაც
აპარატზე შეაერთეს. აგერ უკვე ორი წელია იქ ვართ. ჩვენი დიაგნოზის
წამალი არ არსებობს, თუმცა ამაზე რამდენიმე ქვეყანა მუშაობს. თუ ის
წამალი დროულად გამოვიდა, იმედია, ღმერთი გადმოგვხედავს და მანამდე
მივაღწევთ. ამჟამად ბავშვის მდგომარეობა არც უკეთესდება და არც
მძიმდება. რომ ვეხებით, გრძნობს, თვალებს ახელს და ტოკდება.“
ნინო მორჩაძე დახმარებას ითხოვს. როგორც მან გვითხრა, ბავშვის გამო
თბილისში ქირით ცხოვრობენ.
„ჩვენ კახეთიდან ვართ და ზურას გამო თბილისში წამოვედით. ამ დრომდე,
რაც დახმარება გაგვიწიეს, იმით ვიყიდეთ წამლები, პამპერსები. უკვე
ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის შეძენა და ქირის გადახდა. დახმარებას
ვითხოვთ, რომ მედიკამენტები და ის ძვირადღირებული კრემები ვუყიდოთ,
რომელიც დანიშნული აქვს.“
ზურას დასახმარებლად, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ საბანკო
რეკვიზიტზე:
საქართველოს ბანკი
GE62BG0000000017284900
მიმღები: ნინო მორჩაძე
საკონტაქტო ნომერი: 597 76 48 87
მასალის გამოყენების პირობები