წელს 12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ
ჩატარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს 200-ზე
მეტი მონაწილე ეყოლება.
უკვე მიმდინარეობს ღვინის კომპანიების და საოჯახო მარნების
რეგისტრაცია. ასევე მიმდინარეობს მოხალისეების რეგისტრაცია. მერიის
კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, ღვინის
კომპანიების რეგისტრაცია პირველ სექტემბერს დაიწყო.
„აპლიკაცია პირველ სექტემბერს გამოვაქვეყნეთ. ამ დროისთვის უკვე 160
მეწარმეა დარეგისტრირებული და კიდევ დაემატება. მსურველებმა
აუცილებელია
რეგისტრაცია გაიარონ ანკეტის მეშვეობით, რომელიც
მითითებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე.
მეწარმეებს, რომლებიც ვერ ახერხებენ რეგისტრაციას ონლაინ სისტემით,
შეუძლიათ მოვიდნენ მერიაში და მათ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი
დაეხმარება აპლიკაციის შევსებაში. რეგისტრაცია 20 სექტემბერს
დასრულდება და ამის მერე ზუსტად გვეცოდინება, რომელი კომპანიები
მიიღებენ მონაწილეობას. “
მისივე თქმით, დაიწყო აგრეთვე მოხალისეების რეგისტრაციაც.
„გამოვაქვეყნეთ ასევე მოხალისეების სპეციალური სარეგისტრაციო ანკეტა,
რომელსაც ათი დღის ვადა აქვს. ნებისმიერ მსურველს, ვისაც უნდა
ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა,
შეუძლია ანკეტა 27 სექტემბრამდე შეავსოს. ვფიქრობთ, 60 ადამიანი მაინც
დარეგისტრირდება და აქედან დახლოებით ოცს ავიყვანთ. შერჩეულ
კანდიდატს, 27- დან 30 სექტემბრამდე დაუკავშირდება საორგანიზაციო
ჯგუფი და კონკრეტულ დავალებებს მისცემს.
ეს ანკეტაც გამოქვეყნებულია მერიის ოფიციალურ
გვერდზე. “
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა
და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი
მხარდაჭერით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები