ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზა ავარიულ
მდგომარეობაშია. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ასფალტის
საფარი დაზიანებულია, პრობლემაა დამეწყრილი მონაკვეთები და გზის
სივიწროვე, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.
გიორგი დოლმაზაშვილის თქმით, გზის ერთ მონაკვეთში სამშენებლო
მასალების ნარჩენები ყრია, რაც მანქანის საბურავებს აზიანებს.
„ზოგადად გზა ძალიან დაზიანებულია. განსაკუთრებით ერთი მონაკვეთია ცუდ
მდგომარეობაში, იქ ვიღაცას სამშენებლო მასალები დაუყრია, ვითომ
ამოვსების მიზნით, მაგრამ ეს უარესია. საბურავები ფუჭდება. გარდა
ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ვიწრო გზაა. განსაკუთრებით კიდევ
მოსახვევებში. რაც ხშირად ავარიულ სიტუაციას ქმნის. ვფიქრობ, თუ ამ
საქმეს საშველი დაადგება, წესიერად უნდა გაკეთდეს, რომ ყველანაირი
პრობლემა აღმოიფხვრას. ამ გზით ძირითადად ე.წ. „უკანა მხრის“
მოსახლება სარგებლობს.“
როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა
განაცხადა, ზიარის გზა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია
მუნიციპალიტეტისთვის.
„ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი გზა. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია მისი
აღდგენა, რადგან სხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც ხშირად
სარგებლობენ. უკვე ნაყიდი გვაქვს მზა პროექტი, რომლის ღირებულება 4
მილიონ 440 ათასი ლარია. ერთი თვეა, რაც გადავეცით საგზაო
დეპარტამენტს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, თვითონ, საკუთარი
თანხით გააკეთებს. ჩვენ არანაირ თანამონაწილეობაში არ შევდივართ.
რამდენიმე ადგილზე მეწყერული ზონაა, რაც გზას ძალიან აფუჭებს. ამიტომ
რთული სამუშაოებია ჩასატარებელი. გზა მთლიანად გაკეთდება და დაიგება
ასფალტის საფარი. “
მისივე თქმით, სამუშაოების დაწყება, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის
იგეგმება. აქვე შეგახსენებთ, რომ
ამ გზის რეაბილიტაცია 2016 წელს
განხორციელდა.
ფოტო: speqtri.ge-ს არქივიდან
ამავე თემაზე:
ზიარი-არაშენდის ჩანგრეული გზა-კატასტროფის რეალური
საფრთხე [Video]
მასალის გამოყენების პირობები