ექიმებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ათასი ლარით, ხოლო განმეორება - 2 ათასი ლარით დაჯარიმდება
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული
მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. ამასთან
დაკავშირებით, 23 ივლისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის
შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე
ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის
წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე,
ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი
იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე
და მარიამ ჯაში.
„კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე და სოციალურ მუშაკზე ძალადობის
შემთხვევებმა, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის,
დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა. ეს დასტურდება კლინიკების
ასოციაციების, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების,
სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების მიერ მოწოდებული
ინფორმაციებით. სამედიცინო დაწესებულების ნორმალური
ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის
პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს
სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის
უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა პაციენტების უფლებებსა და
ინტერესებს. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად
უშვებს და ამით საფრთხე ექმნება, პაციენტის ჯანმრთელობას. პაციენტის
საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული
პერსონალი არ უნდა უწევდეს სამედიცინო მომსახურებას. იქიდან
გამომდინარე, რომ სამედიცინო საქმიანობა არის სტრატეგიული პროფესია,
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი და სოციალური მუშაკი მოითხოვს როგორც
მეტ დაცულობას, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარებას,
საზოგადოების აგრესიისგან დასაცავად“, - ნათქვამია პროექტის
განმარტებით ბარათში.
წყარო: commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები