დღეს გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში „საარჩევნო
განვითარების სკოლა გაიხსნა“, რომელიც 10 დღის განმავლობაში
ახალგაზრდებს, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ინფორმაციას
მიაწვდის.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის
განმარტებით, პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა და
მოხდება ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაცია.
„საარჩევნო განვითარების სკოლა დღეს, 12 საათზე, ქვეყნის მასშტაბით,
25 მუნიციპალიტეტში გაიხსნა. საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად
მუშაობს, რომ გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა არჩევნებში.
აღნიშნული პროექტის მიზანი სწორედ ეს არის და მასში 18-დან 24 წლამდე
ახალგაზრდები არიან გაერთიანებული. 10 დღის განმავლობაში 20
ახალგაზრდა შეისწავლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის
საქართველოში ჩატარებული არჩევნების ისტორია, პირველი დემოკრატიული
არჩევნები, გენდერული ბალანსი და სხვა. გარდა თეორიული ნაწილისა,
პროექტი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ენერჯაიზერებს.
ვიმედოვნებთ, რომ აქ მიღებული გამოცდილება ახალგაზრდებს დაეხმარება
მომავალში საუბნო კომისიებში საქმიანობის დროს. თუ გადაწყვეტენ
აღნიშნული პროფილით საქმის გაგრძელებას, ეს ტრენინგები მათთვის ერთი
მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პროექტი 2015 წლიდან
ხორციელდება და ჩვენ დაარსების დღიდან ვართ მასში ჩართული.“
როგორც მაია ჩუთლაშვილი ამბობს, „საარჩევნო განვითარების სკოლა“
მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო
მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.
პროექტი ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო
ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება. წელს სწავლება თბილისში,
გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში,
მარნეულში, დუშეთში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება),
გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში,
ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში,
ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები