იმის გამო, რომ რუსმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი
დაიკავა , "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი
საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
მისი თქმით, ის მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს მომხდარზე.
ქუცნაშვილი ამბობს, რომ მეტი მუშაობა იყო იმისთვის საჭირო, თავიდანვე
გაერკვიათ, თუ ვინ წაიყვანდა მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეის
სხდომას. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
"ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა დიპლომატმა, არამედ რუსმა
დეპუტატმა, ეს იყო დაშვებული შეცდომა. ჩვენ ვთხოვდით საერთაშორისო
სამდივნოს, რომ წაეყვანა ეს სხდომა გენერალურ მდივანს... მე
ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა იმ ფაქტზე, რომ
რუსი დეპუტატი დაინახეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე... მე
ვგრძნობ საზოგადოების, დიდწილად, სამართლიან მღელვარებას", —
განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის
ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ.
ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის
სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია
ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. გუშინ 19 ივნისს
პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ "2008
წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ". მანვე
აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის "ინიციატორები ახლა
საქართველოში არ იმყოფებიან". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან
ისაუბრა.
გავრილოვმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი
უსიამოვნება იყო, მაგრამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია.
ასამბლეაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი პრობლემა
აქვს და ამ სიტუაციაში ძალის პოზიციიდან საუბარი და სანქციების
დაწესება არასწორია. მისი თქმით, მსოფლიო მართლმადიდებლობის ირგვლივ
უნდა გაერთიანდეს.
19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო
ასამბლეას (IAO) მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა
"პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური
მოვლენების გააზრებაში"
წყარო: on.ge
მასალის გამოყენების პირობები