დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეების
დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირველ რიგში
პირადი ჰიგიენა და საცხოვრებელი ფართის ხშირი განიავებაა.
„ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად
და გრილი წყლით, გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი,
განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე.
განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე
ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა
ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები. ხაზს ვუსვამ იმას,
რომ მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ
ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ გარკვეული
პერიოდი იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში
არა“.
ამირან გამყრელიძის თქმით, მომატებული ტემპერატურა შეიძლება,
გარკვეული დაავადებების გამწვავების რისკფაქტორი გახდეს, კერძოდ,
არსებობს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადებების
გამწვავების რისკი. ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს კი
ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები წარმოადგენენ.
„ არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადებები, არასათანადოდ
შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების
შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და
გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება
განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე
ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ამ შემთხვევაში
მომატებული ტემპერატურის მიმართ, გახლავთ ხანდაზმულები სხვადასხვა
ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა გულსისხლძართვთა დაავადებები,
დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები“, - განაცხადა
მან.
მასალის გამოყენების პირობები