ქვემო ალვანში თუშეთის გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს. მშვიდობიან აქციაში სამი სოფლის ქვემო ალვანის, ზემო
ალვანისა და ლალისურის მოსახლეობა მონაწილეობს.
მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან თუშეთთან დამაკავშირებელი
ერთადერთი გზისთვის სათანადო ყურადღების მიქცევაა. ადგილობრივები
ამბობენ, რომ თუშეთში ისედაც ხანმოკლე ტურისტული სეზონია, გზის
ჩაკეტვის გამო კი მოსახლეობის ფინანსური ზარალი უფრო მატულობს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ხელოვნური ტბის მონაკვეთის
გასახსნელად სამ დღიან ვადას აძლევენ.
,,აქციის ჩატარების მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გზას არასათანადო
ყურადღება ექცევა.სამი წელია მეწყერი ჩამოწვა და სულ ეს პრობლემაა მას
შემდეგ, თუმცა ამ დრომდე ვერ მოაგვარა ხელისუფლებამ თუშეთის გზის
პრობლემა. ახლაც ისეთი პერიოდია, ბარიდან მთისკენ გადაჰყავს საქონელი
მოსახლოებას და უღელტეხილის გასავლის შემდეგ, ტბის მონაკვეთზე ყელამდე
წყალში, ყინულივით ცივი მდინარის წყალში უწევთ სიარული. ზარალი დიდია,
როგორც ტურისტული კუთხით, ასევე მესაქონლეობის მიმართულებით, გაუქმდა
დაგეგმილი ტურები, გზაზე იხოცება პირუტყვი. ხვალ კიდევ ერთხელ
მოვითხოვთ სათანადო ყურადღება მიექცეს ამ გზას და დროულად გაიხსნას.
სამ დღიან ვადას ვაძლევთ კომპანიას და ხელისუფლებას, თუარადა ავალთ და
ჩვენ თვითონ დავიწყებთ გზის გასახსნელად მუშაობას,,
თუშებთან შესახვედრად კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი
მივიდა, რომელმაც მოსახლეობას განუმარტა, რომ გზის გაწმენდის
სამუშაოები დაგვიანებით არ დაწყებულა და პროცესს კახეთში მომხდარმა
წყალდიდობამ შეუშალა ხელი.
,,ტბამდე მისასვლელად 56 კმ-ის გაწმენდა იყო საჭირო , იქამდე მისვლა
უკვე შესაძლებელია.ახლა სპეციალისტები დადებენ დასკვნას, როგორ უნდა
მოხდეს ტბის ტერიტორიის დაცლა, ვიწრო ხეობაა 10 ტონიანი ქვებით
ამოჭედილი, როგორც კი წყლის დონე დაიკლებს, შესაძლებელი იქნება გზის
გახსნა."
ცნობისათვის, იგივე მოთხოვნით აქცია ადგილობრივმა მოსახლეობამ 2
მაისსაც გამართა.
მასალის გამოყენების პირობები