„ტატიას საყდარი“ გურჯაანში ქალაქიდან დაახლოებით ოთხი კილომეტრის
მოშორებით მდებარეობს. ამჟამად ისტორიული ძეგლი დანგრევის
პირასაა.
როგორც ჩვენთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჯაბა ზაკალაშვილმა
აღნიშნა, ეკლესიის კედლები დახეთქილი და დაზიანებულია.
„ორი დღის წინ ვიყავით მე და ჩემი მეგობარი, ფეხით ავედით. გზა ძალიან
ცუდ მდგომარეობაშია და იქამდე მანქანით მისვლა შეუძლებელია.
ბავშვობაში ხშირად დავდიოდით ამ ეკლესიაში, ეხლა რომ ვნახე, შევწუხდი,
ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობაშია. ეკლესია განადგურების პირასაა.
შიგნიდან კედლები დახეთქილია, ერთი მხარე უკვე ჩამონგრევაზეა. პატრონი
თუ არ გამოუჩნდა, უარესი დაემართება. ვიღაცას შეუღობავს და ნაძვებიც
დაურგავს, მაგრამ საქმეს ეს არ შველის.“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი
მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი
სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ძეგლი მეცხრე საუკუნეშია
აშენებული.
„ტატიას საყდარი ესაზღრება ჩუმლაყს, თუმცა გურჯაანის ტერიტორიაზეა.
არის სამნავიანი ეკლესია. საყდრის წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია.
თუმცა გადმოცემის მიხედვით ბოლშევიკების დროს ვიღაც ტატია ყოფილა,
რომელიც ამ ეკლესიას აფარებდა თავს. იქიდან შემორჩა ეს სახელი, თუმცა
რომელი წმინდანის სახელობისაა დღემდე არვიცით. საყდრიდან დაახლოებით
სამასი მეტრის დაშორებით არის წყარო, რომელსაც ხუცესის წყაროს
ეძახიან. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ადრე აქ სოფელი იყო.
სათანადო დოკუმენტაციის მომზადების საფუძველზე ძეგლთა დაცვის
ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის
სტატუსი მიანიჭა. ტაძარი ამჟამად დაზიანებულია, ძირითადად
შემორჩენილია მთავარი ეკლესია და ჩრდილოეთი მინაშენი. სამხრეთი
მინაშენი მთლიანად დანგრეულია. საჭიროებს რეაბილიტაციას, სახურავიდან
ჩაედინება წვიმის წყლები. თვითონ ტაძარში რამდენიმე გახსნილი სამარხია
გაძარცვული. ქვაყუთის ტიპის სამარხებია საკურთხეველშიც და
მინაშენშიც.“
მისივე განმარტებით, ძეგლის აღდგენას სამანქანე გზის არარსებობა უშლის
ხელს.
„საჭიროა ჯერ გაკეთდეს სამანქანე გზა და შემდეგში დაისვას ძეგლის
რეაბილიტაციის საკითხი. დაახლოებით ორი კილომეტრი გზა უნდა გაიჭრას
ტყეში. ადრე იყო ვიწრო ბილიკი, მაგრამ შემდეგ ისიც გაფუჭდა. ძეგლთა
დაცვის სააგენტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არ მუშაობს, ამიტომ გზა
ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გააკეთოს. აუცილებლად უნდა
გადავარჩინოთ ეს მნიშვნელოვანი ძეგლი, სხვანაირად არ გამოვა. ეს
ყველაფერი კი საშუალებაზე და ჩვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.“
შესაძლებელია თუ არა „ტატიას საყდართან“ მისასვლელი გზის გაკეთება, ამ
საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს მივმართეთ,
რომელმაც გვითხრა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
თამაზ მარკოზაშვილი კი ამბობს, რომ თუკი რეაბილიტაციის საკითხი
დადგება, თავდაპირველად ჯერ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება.
ფოტოები მოგვაწოდა გურჯაანში მცხოვრებმა ჯაბა ზაკალაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები