გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს დავით კირკიტაძის მორიგი
სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც საქმის მოწმეები დაიკითხნენ.
პროცესის განმავლობაში მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ რამდენჯერმე
გააფრთხილა დარბაზში მსხდომები დაეცვათ წესრიგი, და მიეცათ მოწმეების
დაკითხვის საშუალება. საბოლოოდ კი, სხდომა დახურულად გამოაცხადა, რის
შემდეგაც საზოგადოებამ და მედიასაშუალებებმა დარბაზი დატოვეს.
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის ზურა მელიქიშვილის
განმარტებით, ეს იყო სამარცხვინო პროცესი და მოსამართლემ ეს
გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
„ თვითონ მოსამართლესაც რცხვენია იმ მოწმეების და ჩვენებების, რომელიც
სასამართლოზე იყო წარმოდგენილი. ისინი იძლეოდნენ ურთიერთგამომრიცხავ
ჩვენებებს. მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ დაინახეს როგორ ურტყავდა
კირკიტაძე წიხლებს პოლიციელს, თუმცა ვერ დააკონკრეტეს რა ეცვა. ახსოვთ
მხოლოდ ის, როგორ შეხტა კირკიტაძე ავტობუსზე. ეს არის ის სამარცხვინო
მომენტები, რომელსაც თვითონ მოსამართლეც კი ვერ უვლის გვერდს და
ცდილობს პროცესი მთლიანად დახურული გახადოს. მოსამართლე ნუნუ
ნემსიწვერიძე არის მურუსიძის გაგრძელება. მთლიანობაში სასამართლო,
პოლიცია, პროკურატურა - არის ივანიშვილის ჯიბის მართული უწყებები.
სამართალი ამ ქვეყანაში არ დადგება არც ამ და არც სხვა საქმეზე.
კრიმინალები გარეთ დადიან და მარტო პოლიტიკოსების დევნა მიმდინარეობს.
დათო კირკიტაძე არის პოლიტპატიმარი და ეს საქმე აუცილებლად
გასაჩივრდება სტრასბურგში.“
დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, მომავალ
სასამართლო პროცესზე სხდომის გახსნის შესახებ საკითხს დააყენებს.
„ამ სასამრთლო პროცესზე ისეთი რაღაცები ხდება, უკვე არაფერი მიკვირს.
მოწმეები იძლეოდნენ არაადეკვატურ პასუხებს. ეს იწვევდა პროკურორების
გაღიზიანებას. ამის გამო მოსამართლე იყო უხერხულ მდგომარეობაში.
დარბაზს რომ რეაქცია ჰქონდა, ამიტომ ადგა და მთელი სხდომები დახურა.
ეს არაკანონიერი გადაწყვეტილებაა. მიგვაჩნია დახურვა იყო ერთადერთი
მიზნით, რომ არ მოხდეს სატელევიზიო გაშუქება და საზოგადოებისთვის არ
იყოს ცნობილი რა ფონზე მიმდინარეობს პროცესი. შემდგომ სასამართლო
პროცესზე მე დავაყენებ საკითხს, გააუქმოს მოსამართლემ ეს
გადაწყვეტილება.“
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
განცხადებით, მოსამართლე კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
„დღეს დავიწყეთ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა,
დაიკითხა ოთხი მოწმე . პროცესის მიმდინარეობის დროს დარბაზიდან
არაერთხელ იყო წესრიგის დარღვევის მცდელობა. მოსამართლემ რამდენჯერმე
გააფრთხილა დარბაზში მსხდომები, რომ მიეცათ მოწმეების დაკითხვის
საშუალება. თუმცა ეს კვლავაც არაერთხელ განმეორდა. ამის შემდეგ
მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის სრულად დახურვის შესახებ.
როდესაც მხარეებს არ ეძლევათ საშუალება დაკითხონ მოწმეები და წესრიგის
დარღვევა გრძელდება, მოსამართლე უფლებამოსილია სხდომა დახუროს სრულად
ან ნაწილობრივ. ამ ეტაპზე ასეა და მერე რა იქნება არ ვიცით.“
მორიგი სასამართლო პროცესი 12 აპრილს თერთმეტ საათზე ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები