გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნუნუ ნემსიწვერიძემ დავით
კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. მან იმ პირების წარმოდგენა
მოითხოვა, რომელთა ხელმოწერებიც დღეს დაცვის მხარემ სასამართლოს
წარუდგინა და ბრალდებულის თავდებით გათავისუფლება მოითხოვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ წევრებმა, გადაწყვეტილება
გააპროტესტეს. კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის
განცხადებით, გამოწვევა მიღებულია და მომდევნო პროცესზე მოქალაქეები
თავიანთ აზრს პირადად დააფიქსირებენ.
„საკმაოდ უცნაურად ვითარდება სასამართლო პროცესი. ჩვენ დღეს
სასამართლოს წარუდგინეთ დაახლოებით 16 ათასამდე მოქალაქის და
პარლამენტის 27 დეპუტატის თავდების წერილი. დავაყენეთ შუამდგომოლობა,
რომ დავით კირკიტაძეს შესცვლოდა აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან
მიმალვა არარსებული საფრთხეა. მოსამართლე საკმაოდ ხანგრძლივად იყო
სათათბიროდ გასული და ჩვენი შუამდგომლობა მხოლოდ ტექნიკური მიზეზით არ
დააკმაყოფილა. როგორც მან განაცხადა, ვინაიდან ამ ეტაპისთვის თითოეული
თავმდები პირი არ არის წარმოდგენილი სასამართლო დარბაზში, ვერ
დააკმაყოფილებს შუამდგომლობას. ჩვენ მივიღეთ გამოწვევა. შემდგომ
სასამართლო პროცესზე გამოცხადდება უმრავლესობა იმ პარლამენტარებისა და
მოქალაქეებისა, რომელთაც თავდებობა ხელმოწერით დააფიქსირეს და პირადად
გამოხატავენ თავიანთ აზრს. მე ხელახლა დავაყენებ შუამდგომლობას და
ვნახავთ შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.“
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
განმარტებით, სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და
სრულიად სამართლიანად
არ დააკმაყოფილა.
„ ჩვენ ვისაუბრეთ იმ მტკიცებულებებზე, რომელთა გამოკვლევასაც ვაპირებთ
სასამართლო პროცესზე და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ
ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული.
სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სრულიად
სამართლიანად არ დააკმაყოფილა, იქიდან გამომდინარე,რომ არ იყო რაიმე
არსებითი გარემოება, რომელიც გახდებოდა აღკვეთის ღონბისძიების შეცვლის
საფუძველი. მე განვაცხადე, რომ მიუხედავად ჩემი პატივისცემისა,
პარლამენტარები ვერ უზრუნველყოფენ დავით კირკიტაძის სათანადო ქცევას.
საპროტესტო აქციაზე ისინიც იქ იმყოფებოდნენ, მაგრამ მიუხედავად
ამისა,კირკიტაძემ მაინც ჩაიდინა დანაშაული.“
არსებითი განხილვა 12 მარტს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით
კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და
ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს
დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი
ნაწილით აქვს
წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები