ახმეტის #3 საბავშვო ბაღის დახურვაში ოპოზიცია პირად ინტერესს ხედავს
ქალაქ ახმეტის #3 საბავშვო ბაღი, სადაც 30 აღსაზრდელია, არასათანადო
პირობების გამო ფუნქციონირებას წყვეტს. როგორც speqtri.ge-ს ახმეტის
მერის პირველმა მოადგილემ ზაზა მიგრიაულმა განუცხადა, აღსაზრდელებსა
და პედაგოგებს #2 სააღმზრდელო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მერიის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მშობელთა ნაწილი, ოპოზიცია კი
პირად ინტერესს ხედავს.
-„თვითმიზნად აქვთ ქცეული ამ ბაღის დახურვა. არავის დაუთვლია რამდენი
სჭირდებოდა რეაბილიტაციას, ხალხში ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ერთი
მილიონია საჭირო და ამას ბიუჯეტში ვერ გაითვალისწინებდნენ. როცა
მოვთხოვე ხარჯთაღრიცხვა წარმომიდგინეთთქო, აღმოჩნდა რომ კალკულაცია არ
აქვთ. შეეძლოთ ნაწილობრივ გაერმონტებინათ და მომავალ წელს
გაეთვალისწინებინათ დანარჩენი. რატომ უნდათ ბაღის დახურვა მარტივი
გასაგებია, ამ შენობით ვიღაც არის დაინტერესებული. რეალურად #3
საბავშვო ბაღის შენობა ყველაზე მეტად პროფილურია , სივრცე შერჩეულია
ისე, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო და მყუდრო გარემო იყოს შექმნილი.“-
განუცხადა speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილმა.
ახმეტის მერის მოადგილე ზაზა მიგრიაული კი ამბობს, რომ ახმეტაში
მასშტაბური პროექტები ხორციელდება და #3 საბავშვო ბაღის
რეაბილიტაციისთვის თანხები ვერ გამოინახა.
-„მესამე საბავშვო ბაღის შენობა სტანდარტებს არ შეესაბამება, არ
აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის ნორმებს და მთლიანად მოუწყობელია.
ახმეტაში მასშტაბური პროექტები ხორციელდება და არ იყო შესაძლებლობა #3
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელებულიყო. მეორე საბავშვო ბაღი
ახალი გარემონტებულია, გვინდა ბავშვები უკეთეს პირობებში იყვნენ.
მეორე სართული მთლიანად დაუტვირთავია, იქ ყველანაირი პირობაა შექმნილი
აღსაზრდელებისა და მასწავლებლებისთვის. ამასთან ერთად ტერიტორიულად
შორს გადასვლა არ მოუწევთ, #2 ბაღი, #3 სააღმზრდელო დაწესებულებიდან
დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. ჩვენ შევხვდით მშობლებს, მათი
ნაწილი თანახმაა, ნაწილი კი რაღაც ჯინის გულისთვის წინააღმდეგია“.
მიგრიაულის ინფორმაციითვე, მოხდება ინვენტარიზაცია, ამის შემდეგ კი
მასწავლებლები და აღსაზრდელები მესამე საბავშვო ბაღში გადავლენ.
მასალის გამოყენების პირობები