მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი
რაოდენობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს თელავის ოფისთან რიგებია.
მძღოლების თქმით, პირველ მარტამდე მცირე დროა დარჩენილი, რაც მათ
გარკვეულ პრობლემებს უქმნით.
"ჩემმა ძმამ აქ ერთი ღამე გაათია, რომ მართვის მოწმობა როგორმე
შეეცვალა, მეც ჯერ გათენებული არ იყო, მოვედი და ჯერ ვერ შევსულვარ.
დრო ცოტა დარჩა 1 მარტამდე,თუ ვერ მოვახერხებ ახალი მოწმობის
აღებას მანქანას ვეღარ ვამუშავებ"- განაცხადა რიგში მდგომმა
მძღოლმა.
შს კახეთის მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ საგანგებო
რეჟიმში მუშაობენ და ყოველდღიურად 200 -მდე ახალ მოწმობას
გასცემენ.
,,მძღოლების უმეტესობა ფიქრობს, რომ თუ პირველ მარტამდე არ გამოცვლის
მართვის მოწმობას, პრობლემები შეექმნება. თუკი მუშაობს ის მანქანაზე,
თავისთავად დროულად უნდა შეცვალოს მოწმობა, მაგრამ აქ რიგში ისეთებიც
დგანან, კატეგორია რომ აქვთ და ამ ეტაპზე არ ჰყავთ მისი შესაბამისი
მანქანა, ამ შემთხვევაში, ასეთი მოქალაქეები დროში შეზღუდული არ
არიან, რამდენიმე თვის შემდეგაც შეუძლიათ აიღონ მოწმობა ყოველგვარი
თეორიული და პრაქტიკული გამიცდების ჩაბარების გარეშე," - აცხადებენ
სააგენტოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 1 მარტიდან ძალას
კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, CE, D, DE,
C1, C1E, D1,და D1E კატეგირიების და ქვეკატეგორიების მოწმობები.
უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მართვის
მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდნეობის გამო მომსახურების
სააგენტოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მსურველებს შეუძლიათ ოფისებს
ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს -
09:30 საათიდან 18:00 საათამდე მიაკითხონ.
მასალის გამოყენების პირობები