პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, და იუსტიციის მინისტრმა თეა
წულუკიანმა,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში 63-ე
საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.
აღნიშნული ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეთორმეტეა.
პირველი მომხმარებელი უდაბნოს მკვიდრი გოჩა მარტიაშვილი იყო. მან
უფასო ელექტრონული მოწმობების აქციის ფარგლებში პირადობის
დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი აიღო და ქაღალდის (ლამინირებული)
პირადობის მოწმობა თანამედროვე დოკუმენტით შეცვალა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი
ცენტრი პატარა სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც
თავისი არქიტექტურული ფორმით სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან
განსხვავდება. პროექტი სპეციალურად იმ დასახლებებისთვის შეიქმნა,
რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება.
“საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ უდაბნოში რამდენიმე
ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. ეს სოფელი
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს,
ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და
ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ სამონასტრო
კომპლექს დავითგარეჯას ესაზღვრება.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის სოფლის ტურისტულ
პოტენციალს. მობილური ოპერატორის მეშვეობით უზრუნველყოფილი
24-საათიანი კავშირი სამყაროსთან, საბანკო მომსახურება და 24-საათიანი
უკაბელო ინტერნეტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ უდაბნოს
სტუმრებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.“-განაცხადეს სამინისტროში.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი
ცენტრების მშენებლობის პროექტი რეგიონებში 2013 წლიდან ხორციელდება.
მისი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებით
ადგილზე სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
მასალის გამოყენების პირობები