გურჯაანის ბიუჯეტში საეთერო დროის შესყიდვისთვის 15 ათასი ლარი განისაზღვრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია საეთერო დროის შესყიდვისთვის
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვს. ეს საკითხი
საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“
დეპუტატის უკმაყოფილება მოჰყვა.
როგორც თემურ ბუწაშვილმა აღნიშნა, თანხა, რომელიც ამისთვის
განისაზღვრა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად უფრო
საჭიროა.
„მერიამ 15 ათასი ლარით, გურჯაანის ტელევიზიის დაფინანსების გაზრდა
გადაწყვიტა. მე როგორც არჩეულ დეპუტატს მქონდა კითხვა, რაში სჭირდება
ტელევიზიას კონკრეტულად ეს თანხა, მაგრამ ვერავის მხრიდან ვერ მივიღე
პასუხი. იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ძვირდება პროდუქტი შეიძლებოდა
თანხა სოციალურ პაკეტს დამატებოდა, დავხმარებოდით მრავალშვილიან
ოჯახებს და პენსიონერებს. საკრებულოს წევრებმა უაპელაციოდ გამოავლინეს
მონური მორჩილება და მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც
არგუმენტირებულად არანაირად არ იყო დასაბუთებული. როგორც საქართველოს
მოაქლაქე, ტელევიზიის შეუფერხებლად მუშაობის წინააღმდეგი არ ვარ,
მაგრამ წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მოვკიდოთ
ხალხის ფულს ხელი. მმართველი უმრავლესობა არცერთ ჩემს არგუმენტზე არ
რეაგირებს. ხელის გადაგრეხვის პრინციპით ცდილობენ მოაგროვონ საკმარისი
ხმები იმიტომ, რომ აკეთონ ის, რაც აქვთ დავალებული. “
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით,
საეთერო დროის შესყიდვა, მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირებისთვის
არის საჭირო.
„ვცდილობთ, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უფრო ინფორმირებული გავხადოთ.
საეთერო დროის შეძენა იმისთვის გვჭირდება, რომ კვირაში ერთხელ არა
მარტო მე გავაკეთო პრეზენტაცია, არამედ ის დაეთმოს: ჩემს მოადგილეებს,
კულტურის, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს და ა.შ. გვსურს
მოსახლეობას იმაზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ,
რათა გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რასაც სახელმწიფო სთავაზობთ. ადრეც
გვეთმობოდა საეთერო დრო, მაგრამ ეს იყო მათი კეთილი ნების
გამოხატულება. ამჯერად ამას სისტემატური ხასიათი მიეცემა.“
მისივე თქმით, ტელევიზია მანამდესაც ფინანსდებოდა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან, თუმცა კონკრეტული თანხა საეთერო დროისთვისაა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები