მეზვრიშვილი - ყველა ვინც გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში
ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა,
გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით, – ამის
შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია
მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შს სამინისტრო გუშინ მთელი ღამის განმავლობაში
სწავლობდა ყველა ვიდეომასალას და ინფორმაციას, რომელიც ველისციხეში
აქციასთან დაკავშირებით გავრცელდა, რათა სამართალდამცველ უწყებას
თითოეული ქმედებისთვის მიეცა სამართლებრივი შეფასება.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება
მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ყველა
პირი უკვე დავაიდენტიფიცირეთ, მოხდება ზოგის დაბარება საგამოძიებო
ორგანოში, ზოგის მიმართ, სადაც სათანადო სამართლებრივი საფუძველი
იქნება, გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები. გუშინ, იმ
დანაშაულებრივ ფაქტებს საზოგადოება კარგად ხედავდა. ადგილი ჰქონდა
პოლიციაზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის
წევრებზე თავდასხმასა და მუქარებს. საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი
ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ჩამდენები, ყველა
პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები ეტაპობრივად
დღის განმავლობაში წარიმართება, ისევე, როგორც ხვალ“, – განაცხადა
ნათია მეზვრიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მისთვის ამ
ეტაპზე უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებებში იღებს დავით კირკიტაძე
მონაწილეობას.
„თუმცა იმ ვიდეოჩანაწერებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებამ გუშინ
იხილა, პოლიციას ინტერესი აქვს კანონის ფარგლებში. ეს გასაკვირი არ
უნდა იყოს საზოგადოებისთვის. არამხოლოდ კირკიტაძეზეა საუბარი, იქ სხვა
ადამიანები იყვნენ და ჟურნალისტებს უშლიდნენ საქმიანობაში ხელს“, –
განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები