მთავრობა საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალიტეტებში დატოვებას 2025 წლამდე გეგმავს
მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციური და ფინანსური
გაძლიერებისთვის, როგორც - ადგილზე არსებული ქონების მათ ბალანსზე
გადაცემას, ისე საგადასახადო სისტემაში ცვლილებებს განიხილავს.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ
განაცხადა. მისივე თქმით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის
მუნიციპალიტეტებში დატოვება 2025 წლამდე იგეგმება. არასამთავრობო
სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ 2019 წლიდან თვითმმართველობების
დაფინანსებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მუნიციპალიტეტებს
ცენტრალურ ბიუჯეტზე უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის.
„2019 წელს ის ფორმულა იმუშავებს, რომელიც წარმოდგენილია ბიუჯეტთან
ერთად. სანამ დეცენტრალიზაცია მოხდება, ეს ყველაზე კარგი სისტემაა,
რაც შემოთავაზებულია, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადის სისტემას
თავისი ხარვეზები აქვს - ის იმაზე აწყობილი არ არის, რომ
ინდივიდუალური მუნიციპალიტეტების მიხედვით ზუსტად ვიცოდეთ, სად და
რამდენია ეს გადასახადი“, - განმარტა კაკაურიძემ.
მისივე თქმით, 2019 წელს დაგეგმილი ცვლილებები, რაც დამატებული
ღირებულების გადასახადის 19%-ის მუნიციპალიტეტებისთვის განაწილებას
ითვალისწინებს, ევროპის ქვეყნების გამოცდილებას მოიცავს და
საერთაშორისო ექსპერტებთან შეთანხმებულია.რაც შეეხება
მუნიციპალიტეტებში არსებული უძრავი ქონების ეკონომიკის სამინისტროს
ბალანსიდან ამოღებას და მათ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის
გადაცემის პერსპექტივებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,
ამ მიზნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში
სამუშაო ჯგუფია შექმნილი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების
გადასახადის განაწილება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის,
6 წლამდე ბავშვების რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის,
მუნიციპალიტეტის ფართობის და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების
სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები