საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28
ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე
აღნიშნა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე,
შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად
არასამუშაო დღეა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას
საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი იღებს. შესაბამისად, 28 ნოემბრის
არჩევნებისთვის ცესკოს მიერ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის
ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ
ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.
არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის
55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს
მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ
საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის
ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო
უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.
„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება
საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან
დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ
მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ
საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს
გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები
იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება
შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00
საათამდე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.
მისივე თქმით, ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი,
რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების
მეორე ტურთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო
ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული
მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე განისაზღვრა მეორე
ტურის ბიუჯეტი - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და
გამოყენების წესი.
მასალის გამოყენების პირობები