ვეჯინის, ახაშნისა და ჩუმლაყის მსგავსად, გზის რეაბილიტაცია გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახშიც შეჩერდა. ამხანაგობა „კავთა“
არაერთი გაფრთხილების მიუხედავად სამუშაოებს აღარ აგრძელებს.
ხელშეკრულების მიხედვით, მას სასაფლაოსთან მისასვლელი გზისა და
ცენტრალური გზიდან უბნებში ჩასასვლელების მოწყობა ევალებოდა.
ტენდერი 742 291 ლარზე იყო გამოცხადებული, კომპანიამ კი 555 000 ლარად
მოიგო. გრაფიკის თანახმად, „კავთას“ სამუშაოები 27 ოქტომბერს უნდა
დაესრულებინა.
„კავთამ“ რამდენჯერმე დაარღვია ხელშეკრულება და შესაბამისად,
სხვადასხვა სანქცია დაეკისრა. ბოლო მოლაპარაკება დაახლოებით სამი
კვირის წინ შედგა.
ხელმძღვანელმა წარმოადგინა თავისი გეგმა-გრაფიკი.
ამაზეც დავთანხმდით, ოღონდ სამუშაოები გაეგრძელებინა და გზა
მოწესრიგებულიყო. კომპანიამ თავისივე წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკიც არ
შეასრულა. სამუშაოების ვადა 27 ოქტომბერს დაუმთავრდა. წერილი
გავგზავნეთ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩავატარებთ
ბაზრის კვლევას და ახალ კომპანიას ისე შევარჩევთ. რა სამუშაოები
შეასრულა კარდენახში „კავთამ“, ამას ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი
ითვლის“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა
speqtri.ge-სთან.
რა მიზეზით აღარ გააგრძელეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა
სამუშაოები, არჩილ ხანდამაშვილს ამის შეფასებაც ვთხოვეთ.
-„ჩემი ანალიზით, მსგავსი სამუშაოები და მსგავსი მოთხოვნები ადრე არც
ყოფილა. მშენებლობა დათვლილი გვაქვს ფასებიდან გამომდინარე, რა
სამუშაოებისთვის რა მასალა ჯდება. როდესაც კომპანია დაახლოებით 400
000 ლარამდე თანხას აკლებს, უკვე არარეალურია, თუმცა ბერკეტი არ
გაგვაჩნია იმის, რომ ფასდაკლება არ მივიღოთ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ
აქვს ვინ რა დააკლო, ვითხოვთ ხარისხს და უხარისხოდ შესრულებულ
სამუშაოებს არავითარ შემთხვევაში არ ჩავიბარეთ. მე არ ვიცი ჩემამდე რა
ხდებოდა, მაგრამ ახლა ასეა. გვირჩევია, მცირე იყოს ტენდერში თანხის
დაკლება და ხარისხი მივიღოთ. ბევრი კომპანია ცდილობს ტენდერი მოიგოს,
თანხა დააკლოს და იმაზე არ ფიქრობს დაკლებულ თანხაში შეასრულებს თუ
არა სამუშაოებს.“ - განაცხადა მერმა.
speqtri.ge ამხანაგობა „კავთასთან“ დაკაშირებასაც შეეცადა, თუმცა
ხელმძღვანელს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
არჩილ ხანდამაშვილი კი კარდენახის მოსახლეობას ჰპირდება, რომ
შეჩერებული სამუშაოები მიმდინარე წელსვე დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები